მსხვერპლშეწირვა (ძვ. ქართულში ზორვა, კმევა, მსხვერპლი), კულტმსახურების ფორმა, შესაწირის მირთმევა ღვთაების, გაღვთაებრივებული საგნების, სულებისადმი, მათი გულის მოგების, კეთილგანწყობის ან ჩადენილ ცოდვათა მიტევების მიზნით. მ. რელიგიის ყველა ძველი ფორმისთვის იყო დამახასიათებელი. უძველესი დროიდან არსებობდა მ-ის ორი ფორმა: სისხლიანი (ცხოველის, ზოგჯერ ადამიანის) და უსისხლო (პირველი მოსავლის მირთმევა და სხვ.), რ-ებიც ბიბლიაშიც დასტურდება: კაენმა მიწის ნაყოფი შესწირა უფალს, აბელმა კი – კრავი. ახალ აღთქმაში ქრისტიანობამ გააუქმა იგი, რადგან ჭეშმარიტი მსხვერპლი კაცობრიობის ხსნისათვის მაცხოვარმა გაიღო. ქრისტიანულ უსისხლო მ-ს ლიტურგია წარმოადგენს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მ. საქართველოში, ისევე როგორც მთლიანად საქრისტიანო სამყაროში, უსისხლო, ქრისტესმიერი მსხვერპლით შეიცვალა, თუმცა სამსხვერპლო ცხოველის (ცხვრის, კურატის, მამლის) დაკვლა ჩვენში დღემდეა შემორჩენილი „გაქრისტიანებული“ სახით, განსაკუთრებით მთაში.
ზ. ეკალაძე