მსხვილდინგა ნემსთევზა (Syngnathus variegatus, Pallas, 1814), თევზი ნემსთევზასებრთა ოჯახიდან (Syngnathdae). სიგრძე – 35 სმ-მდე, მასა – 30 გ. სხეული გრძელია, კარგად გამოკვეთილი კიდეებით. აქვს ზურგის, გულ-მკერდისა და ანალური ფარფლები. შეფერილია ღია ყავისფრიდან ნაცრისფრამდე, მოწითალო ან მუქ ყავისფრად. ბინადრობს ზღვის სანაპირო ზოლში, უმეტესად მცენარეულობით მდიდარ ადგილებში. მრავლდება მაისიდან ივლისამდე, ნაყოფიერება 200–960 ქვირითია. იკვებება პლანქტონითა და წვრილი ბენთოსური ორგანიზმებით.
გავრცელებულია შავ, ადრიატიკის, მარმარილოს, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში. საქართველოში გვხვდება შავი ზღვის სანაპიროსთან. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის მიერ (IUCN) შეფასებული არ არის.
ნ. ნინუა