მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღრურქიანების ოჯახის (Bovidae), ხარისებრთა ქვეოჯახის (Bovinae) წყვილჩლიქოსანი მცოხნავი სასოფლო-სამეურნეო ცხოველები. მათ განეკუთვნება ძროხის (Bos) გვარში შემავალი ჩვეულებივი (ევროპული) ძროხის (B.taurus) და აზიური ძროხის, ანუ ზებუს (B.Indicus), იაკის (B. gruniens), ბანტენგისა (B. javanicus domesticus) და გაურის (B. gaurus frontalis), აგრეთვე კამეჩის (Bubalus-bubalis) ყველა ჯიში.
მ. პ-ს იყენებენ რძის, ხორცის, საკვები და ტექნიკური სუბპროდუქტების მისაღებად, ცოცხალ გამწევ ძალად, ნაკელი კი საუკეთესო ორგანული სასუქია სას.-სამ. კულტურების მოსავლიანობისა და ნიადაგის ნაყოფიერებისა და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ძროხის გარეული წინაპარი – ტური (B.primigenius), რ-ის მოშინაურება ადამიანმა დაახლ. 8 ათ. წლის წინ დაიწყო, XVII ს. დასაწყისში გადაშენდა. ამჟამად ეს სახეობა მხოლოდ შინაური ფორმით გვხვდება და წარმოდგენილია სარძეო, სახორცე და კომბინირებული პროდუქტიული მიმართულების 1036 ჯიშით, სხვა სახეობების გარეული ფორმები დღემდე შემორჩენილია ბუნებრივ არეალში. სარძეო ჯიშის ფურების მონაწველი ლაქტაციის პერიოდში საშუალოდ, 5–6 ათ. ლ რძეა (ცხიმიანობა – 3,5–4,5%), დღიური მონაწველის მსოფლიო რეკორდი – 127,57 ლ, ერთი ლაქტაციის განმავლობაში მონაწველის – 35457 ლ, ხოლო სიცოცხლის განმავლობაში მოწველილის – 247 711 ლ. რძეში ცხიმის საშუალო შემცველობით მსოფლიო რეკორდი (12,85%) ეკუთვნის ჯერსიულ ჯიშს. ზოგადად კი მ. პ-ის სახეობებში ყველაზე ცხიმიანი რძით გამოირჩევა კამეჩი (საშუალოდ 7,9–8,1%). რძეში ცხიმის შემცველობა 3,2–4,1%-ის ფარგლებშია.
ძროხის სახორცე პროდუქტიული მიმართულების ჯიშის პირუტყვი იზრდება უფრო სწრაფად, დასაკლავ კონდიციას აღწევს ადრეულ ასაკში და გვაძლევს უკეთესი ხარისხის ხორცს, ვიდრე სარძეო ჯიშები. სხვადასხვა ჯიშის ზრდასრული ფურის ცოცხალი მასაა 200–700 კგ (უდიდესი – 1100 კგ-ზე მეტი), კუროსი კი – 300–1000 კგ (უდიდესი – 1800 კგ), დეკეულს პირველ დაგრილებაზე უშვებენ 16–22, ხოლო კურატს – 14–18 თვისას. ფურის მაკეობა საშუალოდ გრძელდება 285, ფურკამეჩის კი – 310–340 დღე. მ. პ-ის ყველა სახეობის ფური ერთნაყოფიანია, ტყუპიანობა იშვიათია (0,5–1,5%).
საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია კავკ. წაბლა, სტეპის წითელი, შვიცური და შავჭრელი; ენდემურია წითელი მეგრული, ადგილ. ჯიში – ქართ. მთის საქონელი. სხვადასხვა დროს შემოყვანილი იყო ზებუ, რ-საც აჯვარებდნენ ადგილობრივ პირუტყვთან სიცხისა და დაავადებებისადმი რეზისტენტობის, ასევე იმუნურობის ასამაღლებლად.
ლიტ.: გოგოლი გ., თორთლაძე ლ., მეცხოველეობა, თბ., 2010; გოცირიძე ნ., რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგია, თბ., 1997; გუგუშვილი ე., გოგოლი გ., ლაშხი ზ., ჯიშთაშორისი და სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაცია მეცხოველეობაში., თბ., 2016.
გ. გოგოლი