„მუმლი მუხასა“, ქართული ხალხური სიმღერის ერთ-ერთი უძველესი, წარმართული დროის მაღალმხატვრული ნიმუში (კახეთი, ქართლი, მესხეთი, აჭარა – „მამლი მუხასა“). ამ სიმღერამ საუკუნეთა განმავლობაში შინაარსის, სოც. ფუნქციისა და მუს. აღნაგობის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები განიცადა. მკაფიოდ გამოხატული მეტრულ-რიტმული და შესრულების ანტიფონური (ორგუნდოვანი) წესი გვაფიქრებინებს, რომ „მ. მ“. თავდაპირველად მუხის გარშემო ფერხულით სრულდებოდა და რელიგიურ-მაგიური შინაარსის მატარებელი იყო. სიმღერის სხვადასხვა ვარიანტის საერთო თემებია: მუხის ძირში წყლის ჩადგომა და შიგ თევზის (კალმახის) გაჩენა, სადილის მომზადება, რიტუალური პურობა, მუმლის დახრჩობა და მუხის გადარჩენა. დროთა განმავლობაში „მ. მ-მ“ შეიცვალა პირვანდელი ფუნქცია და ნადურ (შრომის) სიმღერად გარდაიქმნა (სრულდებოდა პურის ყანაში ან სიმინდის თოხნის დროს). XIX ს. „მ. მ.“ საბოლოოდ დაიხვეწა, სამხმიანი სიმღერის სახით გავრცელდა და სიმბოლური და პატრ. შინაარსი (მუხა – საქართველო, მუმლი – მტრები) შეიძინა, „მ. მ.“ პირველად გამოაქვეყნა ზ. ჩხიკვაძემ თავის კრებულში „სალამური“ (1896). „მ. მ.“ ჩართულია ა. მაჭავარიანის ამავე სახელწოდების სიმფონიურ პოემაში (1937), ა. ბალანჩივაძის I სიმფონიაში (1944).
ლიტ.: კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, გამოც. მე-2, თბ., 1961; კოჭლამაზაშვილი ე., ქართული ხალხური რიტუალური სიმღერების „მუმლი მუხასას“ წარმომავლობის შესახებ, „კადმოსი“, 2016, №8; მამალაძე მ., შრომის სიმღერები კახეთში, თბ., 1962; ჩხიკვაძე ზ., სალამური, ტფ., 1896.