მუნაზარე (სპარს.< არაბ. მუნაზარა – პაექრობა, კამათი), ლიტერატურული ჟანრი, რ-იც გულისხმობს ორი საგნისა და პირის გაპაექრებას უპირატესობის დამტკიცების მიზნით. ცნობილი იყო ჯერ კიდევ სასანიანთა ეპოქაში. ახ. სპარსულ პოეზიაში მ. გამოიყენა ასადი ტუსიმ (XI ს.), შემდგომ საუკუნეებში ამ ჟანრმა დამოუკიდებელი არსებობის უფლება მოიპოვა და გავრცელდა მახლობელი აღმოსავლეთის სხვა ხალხთა ლიტ-რაში. გვხვდება აღორძინების ხანის ქართ. პოეზიაშიც – თეიმურაზისა და არჩილის „გაბაასებანი“ (იხ. გაბაასება).
ლიტ.: ბურჯანაძე მ., ახალი და უახლესი სპარსული ლიტერატურის ისტორია, თბ., 2016; ქიქოძე ბ., გაბაასების ჟანრის ისტორიისათვის, ბათ., 1955.
ა. გვახარია