მუნეჯიმბაში

მუნეჯიმბაში, ნამდ. სახელი აჰმედ იბნ ლუთფულაჰი (1631–1702) (. ნიშნავს მთავარ ასტროლოგს), თურქი ისტორიკოსი, წარმოშობით სალონიკელი თურქი. მან თავისი დროისთვის კარგი განათლება მიიღო, დაეუფლა მათემატიკასა და ასტროლოგიას. 1667 სულთნის კარის მთ. ასტროლოგად დანიშნეს. 1687 გაგზავნეს ეგვიპტეში, იქიდან ჩავიდა მექაში და გახდა სას. პირი – შეიხი. -ს ეკუთვნის არაბულ ენაზე შედგენილი თხზულება „დინასტიათა კრებული“ („ჯამი ად-დუვალ“), რ-იც ძირითადად წარმოადგენს კომპილაციას. მიუხედავად ამისა მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მახლობელი აღმ. ქვეყნების ისტორიის შესასწავლად. -ს გამოყენებული აქვს 70-ზე მეტი დასახელების პირველწყარო. მნიშვნელოვანი მეცნ. ღირებულების გამო ეს ნაშრომი ავტორის გარდაცვალების შემდეგ ითარგმნა თურქულად (1720–30) სათაურით „ცნობათა ფურცლები“ („საჰაიფ-ალ-აჰბარ“) და 1868 პირველად სამ ტომად დაიბეჭდა სტამბოლში. თხზულება წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის ტიპის ნაწარმოებს. მასში ავტორს გადმოცემული აქვს მრავალი დინასტიის, პოლიტ. წარმონაქმნისა და ცალკეული საამიროების ისტორია. ავტორი თხრობას იწყებს უძველესი დროიდან. II–III ტომებში გადმოცემული აქვს საინტერესო ამბები XI–XVII სს. საქართველოსა და სამხრ. კავკასიის ქვეყნების ისტორიის შესახებ. ცნობებს გვაწვდის სელჩუკებისა და საქართველოს ურთიერთობაზე, აგრეთვე მცირე აზიის ცალკეული პოლიტ. ერთეულების საქართველოსთან დამოკიდებულებაზე. განსაკუთრებით ვრცლად აქვს გადმოცემული ოსმალეთთან საქართველოს ურთიერთობის ზოგიერთი მომენტი. საყურადღებო ცნობებს გვაწვდის გიორგი სააკაძის მოღვაწეობისა და ოსმალეთში მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეების, ასევე ქართველ პოლიტ. მოღვაწეთა საქმიანობის შესახებ. -ის ცნობებს XI–XIII სს. თბილისის ისტორიის შესახებ პირველად ჩვენს ისტორიოგრაფიაში ყურადღება მიაქცია და ქართულ და სხვა აღმოსავლურ პირველწყაროებს შეუჯერა რ. კიკნაძემ. -ის საკმაოდ ორიგინალური, ახ. ცნობებიც აქვს მოტანილი სამხრ. კავკასიის ქვეყნებში მუსტაფა ლალა ფაშას ლაშქრობის შესახებ, დაწვრილებითაა აღწერილი ამ უზარმაზარი ლაშქრობის მოძრაობის მარშრუტები, ბრძოლები, ოსმალო მხედართმთავრების ურთიერთობები საქართველოს მეფე-მთავრებთან.

წყარო: შენგელია ნ., ოსმალო ისტორიკოსის მუნეჯიმ-ბაშის ცნობები ლალა მუსტაფა ფაშას ამიერკავკასიის ქვეყნებში ლაშქრობის შესახებ, „ქართული წყაროთმცოდნეობა“, თბ., 1968, [ტ.] 2.

ლიტ.:კიკნაძე რ., XI–XIII საუკუნეთა თბილისის ისტორიიდან, „საქართველოს ისტორიის ინ-ტის შრომები“, 1960, ტ. 5, ნაკვ. I; შენგელია ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.

ნ. შენგელია