ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკური ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის მატების ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით (%-ობით)

ეკონომიკური ზრდა, მაკროეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ძირითადი ცნება, რომელსაც იყენებენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პოზიტიური ცვლილებების გამოსახატავად. ე. ზ-ში იგულისხმება ეკონომიკის რაოდენობრივი ზრდა, ქვეყნის დოვლათის (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) მოცულობისა და საწარმოო პოტენციალის გადიდება. ე. ზ-ის მაჩვენებლად გამოიყენება რეალური მშპ-ის ზრდის წლიური ტემპი. უფრო ზუსტად მას ასახავს ქვეყანაში მოსახლეობის ერთ სულზე შექმნილი დოვლათის მოცულობის გადიდება. შესაძლებელია გაიზარდოს მშპ, მაგრამ ქვეყნის სიმდიდრე არ გადიდდეს ან, პირიქით, – შემცირდეს კიდეც, თუ ახლად შექმნილი სიმდიდრე არ გადააჭარბებს ბუნებრივი პროცესით ან სხვა მიზეზით მწყობრიდან გამოსული დოვლათის მოცულობას. იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში მოსახლეობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ახალშექმნილი სიმდიდრე, ე. ზ. რეალურად არ მოხდება, ვერ უზრუნველყოფს პროგრესს. ე. ზ-ის ცნება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში აისახება ეკონ. განვითარების ხასიათი. მთავარია მისი კავშირი მოსახლ. ცხოვრების დონესთან. ე. ზ-მ უნდა უზრუნველყოს ხალხის კეთილდღეობის ამაღლება, რაც გამოიხატება ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის სიმდიდრის მოცულობის გადიდებით. ე. ზ., თავისი ხასიათითა და ფაქტორებით, არაერთგვაროვანი, რთული პროცესია. იგი მერყევია და დაკავშირებულია ეკონ. დინამიკის ციკლურობასთან და არაციკლურ ცვლილებებთან. ეკონ. დინამიკა არ არის მხოლოდ აღმავალი პროცესი. მისი ტემპები შეიძლება იყოს ნულოვანიცა და უარყოფითიც (კლებადი). ძირითადი კანონზომიერება არის ზრდის ტენდენცია, რაც ეკონ. განვითარების დონის ამაღლების ერთ-ერთი პირობაა. ე. ზ. დამოკიდებულია, ერთი მხრივ, წარმოების ფაქტორების რაოდენობის გადიდებაზე, მეორე მხრივ, ეკონ. განვითარებაზე (იხ. ეკონომიკური განვითარება), ამ ფაქტორების თვისებრივ გაუმჯობესებაზე. ე. ზ-ის გადამწყვეტი პირობა უფრო მეტად თვისებრივი და არამატერ. ფაქტორებია, რ-ებიც ნაკლები დანახარჯებით ან სულაც უდანახარჯოდ ე. ი., საბოლოოდ, დანახარჯებზე მეტად ზრდიან ეკონ. დოვლათს (სიმდიდრეს). ფაქტორებთან მიმართებით არსებობს ე. ზ-ის ორი გზა: ე ქ ს ტ ე ნ ს ი უ რ ი და ი ნ ტ ე ნ ს ი უ რ ი, რ-ებიც აბსტრაქტული თეორიული მოდელებია, ხოლო პრაქტიკაში, როგორც წესი, შერწყმულად თანაარსებობენ. ე ქ ს ტ ე ნ ს ი უ რ ი ე. ზ. ნიშნავს გამოყენებული რესურსების რაოდენობის შესაბამისად დოვლათის (სიმდიდრის) გადიდებას შრომის დანახარჯების, ძირითადი კაპიტალისა (შენობა-ნაგებობანი, მანქანა-იარაღები, უახლესი ტექნოლოგია და სხვ.) და საბრუნავი კაპიტალის (ნედლეულის, მასალების, ენერგიის და სხვ.) ზრდის ხარჯზე. ამ შემთხვევაში ე. ზ-ის ტემპი მოხმარებული რესურსების რაოდენობის გადიდების ტემპის ტოლია. ი ნ ტ ე ნ ს ი უ რ ი  ე. ზ. კი წარმოების ეფექტიანობის, ანუ რესურსების გამოყენების გაუმჯობესებით, და შედეგიანობის გადიდებით მიიღწევა. მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად სჭარბობს ინტენს. ფაქტორის როლი ე. ზ-ში, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია დოვლათის მატება დანახარჯებთან შედარებით, ე. ი. როგორია უტოლობის – ,,შედეგები > დანახარჯებზე" – სიდიდე. თანამედროვე ეკონომიკა უპირატესად ხასიათდება ინტენს. ფაქტორების როლის გაძლიერებით, ე. ი. ეფექტიანობის გადიდებით, რაც ნიშნავს, რომ მცირდება წარმოებული დოვლათის შრომატევადობა, მასალატევადობა, ენერგოტევადობა, იზრდება სასარგებლო თვისებები. საქართველოში ე. ზ-ის პროცესი წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს. XX ს-ში, საბჭოთა პერიოდის გარკვეულ ეტაპზე, მიღწეული იყო ეკონ. განვითარების შთამბეჭდავი წარმატებები. შეიქმნა განვითარებული მრეწველობა, სოფ. მეურნეობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, მომსახურება – თანამედროვე დარგებით, მეცნ.-ტექ. ბაზით და სხვ. საბჭოთა საქართველოს არსებობის ბოლო პერიოდისათვის მშპ რამდენიმე ათეულჯერ აღემატებოდა საუკუნის დასაწყისის დონეს. ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით ქვეყნის ეროვნ. სიმდიდრის და მშპ-ის წარმოების მოცულობით საბჭოთა საქართველო მსოფლიოში საშ. განვითარების ქვეყნების დონეს უტოლდებოდა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, XX ს. 90-იან წლებში სოც.-ეკონ. სისტემის ტრანსფორმაციის, სამოქალაქო უთანხმოებათა და კონფლიქტების შედეგად გამოწვეულმა ღრმა ეკონ. კრიზისმა საქართველოში ე. ზ. არა მარტო შეაჩერა, არამედ ეკონომიკა მკვეთრად დააქვეითა, რაც 1995-მდე გაგრძელდა. ქვეყნის მშპ შემცირდა თითქმის 4-ჯერ, სამრეწვ. პროდუქცია – დაახლ. 7-ჯერ, სოფ. მეურნ. პროდუქცია – 2-ჯერ და ა. შ., რაც სისტემური კრიზისისა და პოლიტ. დაძაბულობის პირობებში მიმდინარეობდა. ამ წლებში მწყობრიდან გამოსული ეროვნ. სიმდიდრე მწყობრში შესულს სჭარბობდა. შემცირდა მოსახლეობის ქონება, რაც ხალხის უმრავლესობის ცხოვრების დონეზე აისახა. 1995-იდან დაიწყო ეკონ. ნელი გამოცოცხლება. ამის შემდეგ შეიმჩნევა მშპ-ის ზრდის მერყევი ტემპი, რაც ჩანს შემდეგი მონაცემებიდან (იხ. ცხრ.). 2008 ქვეყანაში მშპ-ის ტემპის დაცემა, 2009 კი მისი აბსოლუტური კლება გამოწვეული იყო მსოფლიო ეკონ. კრიზისითა და რუსეთის აგრესიით საქართველოში. დოვლათის წარმოების ზრდის ეს ტემპები საკმარისი არ აღმოჩნდა მწვავე ეკონ. კრიზისის დასაძლევად. 2011 წ. მშპ-ის წარმოების მოცულობამ 1990 წ. მაჩვენებლის 76% შეადგინა. ეკონ. კრიზისის საბოლოოდ დაძლევა და ქვეყნის განვითარება დროის მოთხოვნებისა და კეთილდღეობის ამაღლების ამოცანების შესაბამისად გვკარნახობს ე. ზ-ის ტემპების დაჩქარების აუცილებლობას. ე. ზ-ის ტემპის დასაჩქარებლად საქართველოში არსებობს საჭირო წანამძღვრები – ადრე მიღწეული ეკონ. დონის, ბუნებრივ-რესურსული და ადამიანური (ინტელექტუალური, საწარმოო-შრომითი) პოტენციალის სახით. ნეგატიური მოვლენების დაძლევით, ეკონომიკური რეფორმების გაღრმავებით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მეშვეობით, სავარაუდოა, რომ საქართველოში ე. ზ. ახლო მომავალში მაღალი ტემპებით წარიმართოს, რაც სათანადო პროგნოზული გათვლებით დასტურდება.

ლიტ.: კ ე ი ნ ს ი  ჯ. მ., დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია, თარგმ. ინგლისურიდან, ქუთ., 1995; მ ა ლ ა შ ხ ი ა  გ., საქართველოს ეკონომიკა. საუკუნოვანი პანორამის შტრიხები, თბ., 2002; ჭ ა ნ ი ა  მ., ეკონომიკური ზრდისა და საგადასახდელო ბალანსის პრობლემები პოსტკომუნისტურ საზოგადოებაში (საქართველოს მაგალითზე), თბ., 2004; H a r r o d  R., Economic Dynamics, L.–N. Y., 1973.

გ. მალაშხია