მუნქე

მუნქე, მანგუ (1208 – 11. VIII. 1259, ჩუნცინი, ჩინეთი), მონღოლთა იმპერიის მეოთხე ყაენი (1251-იდან), ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი. ტახტზე ავიდა ოქროს ურდოს გამგებლის, ბათო-ყაენის მხარდაჭერით. ცდილობდა მმართველობის ცენტრ. აპარატის განმტკიცებას, მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის აღორძინებას, მფარველობდა მსხვილ საბითუმო ვაჭრობას, მოაწესრიგა იმპერიის საფინანსო და საგადასახადო სისტემა, დაპყრობილი ქვეყნებიდან მონღოლთა ლაშქარში გასაწვევი მეომრების აღრიცხვა და სხვ. 1242–43 დავით რუსუდანის ძე სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად თავდაპირველად ბათოსთან, შემდეგ კი ყარაყორუმს -თან წარავლინეს. 1254 მთელ მის სამფლობელოში ჩატარდა აღწერა არღუნ-ნოინის ხელმძღვანელობით. აღიწერა და დაიბეგრა ყველაფერი, რაც შემოსავალს იძლეოდა. ქართული, სომხური და სპარსული წყაროების მიხედვით საქართვ. ვილაიეთში ამ პერიოდისათვის მოქმედებდა თოთხმეტზე მეტი სახეობის სამონღოლო გადასახადი-ვალდებულება, მაგ., საქართველოდან ყოველ ცხრა კომლ გლეხს ერთი მეომრის გამოყვანა, რჩენა და შეიარაღება ევალებოდა, სას. წოდება კი ყოველგვარი მონღოლური გადასახადისაგან თავისუფლდებოდა. ქართველები ამ გადასახადებს „სათათროს“ უწოდებდნენ. -ის სახელით თბილისის ზარაფხანაში იჭრებოდა ჰიჯრით 652–659 (=1254–61) ვერცხლის, ხოლო ჰიჯრით 652–654 (=1254–57) – ასეთივე სპილენძის მონეტები (მანგუ ყაენის მონეტები).

მ. დაიღუპა სამხრ. ჩინეთში ლაშქრობისას.

ლიტ.: გაბაშვილი ვ., მახლობელი აღმოსავლეთის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის მასალები ჟამთააღმწერლის თხზულებაში, კრ.; მახლობელი აღმოსავლეთის სოციალურ-ეკონომიური ისტორიის ნარკვევები, თბ., 1968; დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009;. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, მთ. რედ. რ. მეტრეველი, ტ. 2., თბ., 1999; ცინცაძე ი., მონღოლები და მონღოლთა დაპყრობები (XII–XIII სს), თბ., 1960.

ლ. მანიავა