წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი   (ხალხი მას ,,მიხეილის საავადმყოფოს“, ,,მიხაილოვის საავადმყოფოს“ ან ,,მიხაილოვსკის სტაციონარს“ უწოდებდა), ერთ-ერთი უძველესი და დიდი ტრადიციების მქონე   მრავალ­პრო­ფილური სამედიცინო დაწესებულება კავკასიაში. მისი   ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში კლინიკური მედიცინისა  და სამედ.  განათლების განვითარებასთან.

      სტაციონარის გახსნამდე ,,ტფილისის პროვინციაში“ მხოლოდ  გუბერნატორს დაქვემდებარებული ორი რუსულენოვანი  ექიმი მუშაობდა. მათ მოსახლეობასთან შეხება  არ ჰქონდათ. ხალხი, ძირითადად, სოფლის მღვდელთან ან სახალხო მკურნალთან დადიოდა. ,,ტფილისის პროვინციაში“განლაგებულ სამხედრო ნაწილებს ემსახურებოდა სამხედრო ჰოსპიტალი და ფუნქციონირებდა რამდენიმე მცირე აფთიაქი.  ქალაქს საავადმყოფო არ ჰქონდა, ამიტომ  მისი გახსნა მნიშვნე­ლოვანი საზოგა­დო­ებრივი მოვლენა გახდა.

       1820 წ. 30 აგვისტოს თბილისში, ახლანდ. ერეკლეს მოედნის მახლობლად საზოგადოებრივი მზრუნველობის უწყებამ  თავად სუმბათოვისგან  შესყიდულ სახლში გახსნა 12-საწოლიანი საავადმყოფო, რ-ის პროექტი ეკუთვნოდა  მედიცინის დოქტორს, ეროვნებით ჩეხ  ი. პრიბილს.

,,მიხაილოვსკის სტაციონარში“ პაციენტის სამედიცინო მომსახურების პირველი ოფიციალური ჩანაწერი  1844 წლით   თარიღდება. ფართობის სიმცირისა  და  ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საშიშროების გამო საავადმყოფომ  რამდენჯერმე შეიცვალა ადგილმდებარეობა: 1829   ავლაბარში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ყოფ. ყაზარმისა და აბრეშუმსახვევი ფაბრიკის შენობაში განთავსდა, 1848  − ველიამინოვის (ახლანდ. შალვა დადიანის)  ქუჩაზე, საიდანაც   ვერაზე გადა­იტანეს.

      1864 – 65 თბილ. მოსახლეობის ზრდასთან ერთად ხელისუფლებამ გამოყო სპეც. კომისია  სამეფო კარის ლაიბ-მედიკოსის, ა. ლიბაუს თავმჯდომარეობით, რ-მაც  საავადმყოფოს გადასცა 10 000 მანეთი. აღნიშნული თანხით   სამ წელიწადში ერთხელ საავადმყოფოს ერთ-ერთი ორდინატორი სამეცნ. მივლინებით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ. ა. ლიბაუს  დაევალა ახალი  საავადმყოფოს მშენებლობის ორგანიზება,  რისთვისაც ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირზე  შეიძინეს მიწის ნაკვეთი და მშენებლობა დაევალა   გერმ. არქიტ. ა. ზალცმანს. მისი გარდაცვალების  შემდეგ მშენებლობა განაგრძო   ლ.  ბილფელდმა (გერმ.), რ-მაც მთლიანად შეცვალა ტერი­ტორიის დაგეგმარება და რამდენიმე შენობას რეკონსტრუქციაც ჩაუტარა.  1899 წ. 18 იანვარს ცნობილი ქველმოქმედის, ბარბარე მუხრანბატონის ფინანსური მხარდაჭერით, საავადმყოფომ  მიუნხენში შეიძინა 1234 მანეთის ღირებულების რენტგენის აპარატი, რაც იმ პერიოდისთვის უდიდესი  ტექნოლოგიური წინსვლა იყო. საავადმყოფოს სტრუქტურაში ფუნქცი­ონირებდა თერაპიული, ქირურგ., სამეანო-გინეკოლოგიური, ნევროლოგიური, ფსიქიატრიული, მწვავე  ინფექციური და ვენერიული  დაავადებებისა და სხვ. განყ-ბები. აქ მოღვაწეობდა ყველა წამყვანი ქართვ. ექიმი და მეცნიერი, რ-ებმაც საფუძველი ჩაუყარეს ეროვნულ კლინიკურ მედიცინას.

       წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახ. მრავალპროფილურმა კლინიკურმა საავადმყოფომ კიდევ ერთხელ შეიცვალა ლოკაცია, 2014 მას შეუერთდა თბილ. მეორე მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო. 2024  კი  ეწოდა ,,წ. მ. ს. ჰ.“ სტაციონარი გათვლილია 200  საწოლზე. სტრუქ­ტურაშია დეპარტამენტები შესაბამისი პროფი­ლური განყ-ბებით (დირექტორი −   პროფ. ზ. სოფრომაძე).

      ჰოსპიტალს მჭიდრო კავშირი აქვს წამყვან უმაღლეს სამედ. სასწავლებლებთან (თსსუ, თსუ და სხვ.) და წარმოადგენს აკრედიტებულ ბაზას პრე- და  პოსტდიპ­ლომური სამედ. განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის.