ელბაქიძე არკადი ყარამანის ძე (1879, სოფ. წესი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 13. IX. 1919, თბილისი), ბოლშევიკი, ტერორისტი. კომპარტიის წევრი 1906-იდან. რუს. პირველი რევოლუციის დროს გლეხთა შეიარაღებულ გამოსვლებში მონაწილეობის გამო ორჯერ იყო დაპატიმრებული, მაგრამ ორჯერვე გაიქცა. 1912 ნოვოჩერკასკში ჩადენილი დანაშაულის გამო (ე. წ. ექსპროპრიაციაში მონაწილეობა) სამუდამო კატორღა მიესაჯა. 1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო ბოლშევიკთა მიერ ინსპირირებულ გლეხთა გამოსვლებში. ამის გამო საქართვ. მენშევიკურმა მთავრობამ გაასახლა ჩრდ. კავკასიაში, სადაც თერგის საბჭოთა რესპუბლიკის საგანგებო კომისიაში მუშაობდა. რუს. მოხალისეთა არმიის სარდლობასთან ურთიერთობის გამწვავებისა და პროვოკაციის მიზნით 1919 წ. 13 სექტ. ე-მ ყუმბარა ესროლა თბილისში ვერის დაღმართზე მიმავალ გენ.-ლ. ი. ოდიშელიძის ავტომანქანას, რ-შიც იჯდა კავალერიის გენ. ნ. ბარათაშვილი (ბარათოვი). იგი მოხალისეთა არმიის სარდლის, გენ. ა. დენიკინის სახელით სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართვ. მთავრობასთან. ამ აქტის შედეგად გენ. ბარათაშვილი და გენ. ოდიშელიძე დაიჭრნენ. ტერორისტმა მიმალვა სცადა, მაგრამ საპასუხო სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი ე. მდ. მტკვარში ჩავარდა და დაიღუპა. 1928 საბჭ. მთავრობამ (სიკვდილის შემდეგ) წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა.
ფ. ლომაშვილი