გიორგი ფრანძესი (Geōrgios Phrantzēs) (1401, კონსტანტინოპოლი, – 1478-ის შემდეგ), ბიზანტიელი სახელმწიფო მოღვაწე და ისტორიკოსი.
1449 დესპანად იყო ქართლსა და ტრაპიზონში იმპ. კონსტანტინე XI-თვის (1449–53) საცოლის შესარჩევად. 1451-იდან დიდი ლოგოთეტია.
მისი საისტორიო ნაშრომი, „მცირე ქრონიკა", აგვიწერს 1413–77 ამბებს. აქ მოთხრობილია აღნიშნული ელჩობის ამბავი. მასში მრავალი მნიშვნელოვანი ცნობაა გიორგი VIII-ის მეფობის დროინდელი (1446–66) ქართლის საშინაო ვითარების, ოსმალებსა და ტრაპიზონის იმპერიასთან ურთიერთობის შესახებ.
მეორე ნაშრომი „ვრცელი ქრონიკა", რ-იც გ. ფ-ის სახელით იყო ცნობილი, როგორც გაირკვა, მას არ ეკუთვნის.
თხზ. [წგ.]: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 8, თბ., 1970.
ნ. ლომოური