ელდარის ფიჭვი

ელდარის ფიჭვი

ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica), მარადმწვანე დაბალტანიანი (12– 15 მ) ხე ფიჭვისებრთა ოჯახისა. მესამეული პერიოდის რელიქტია. ხშირად მრუდე ღერო და ფართოდ გაშლილი ვარჯი აქვს. ქერქი მურა ნაცრისფერია და დამსკდარი; ახალგაზრდა ღეროსი კი – გლუვი და ნაცრისფერი. ბუნებრივად იზრდება ელდარის ველის დას. ნაწილში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, მდ. ივრის მარჯვ. ნაპირზე, ელიარ-ოუღის ქედის ჩრდ.- აღმ. კალთებზე, ზ. დ. 450-600 მ-ზე. აქ 392 ჰა-ზე, სარმატული პერიოდის მშრალ, ქვიან, ქვიშა-თიხოვან დიდი დაქანების ფერდობებზე ე. ფ. ქმნის მეჩხერ კორომებს ღვიასთან, ხეჭრელთან, ბროწეულთან, კოწახურთან და ჯორისძუასთან ერთად. ე. ფ. სამხრეთკავკასიური ენდემია, თუმცა ბოლო წლებში აღწერილია ირანში ელბურსის ქედის ფერდობებზე. ე. ფ. კავკასიაში მოზარდ ფიჭვებთან შედარებით ყველაზე უფრო გვალვაგამძლეა, ნიადაგის მიმართ – ნაკლებმომთხოვნი. იზრდება თხელ, ქვიან ნიადაგზე, კარგად ხარობს კირიან და მცირედ დამლაშებულ ნიადაგზეც. ტიპური სინათლის და სითბოს მომთხოვნი მცენარეა. ზიანდება –20°C-ზე მეტი ყინვის დროს, ცუდად იტანს ხანგრძლივ, მშრალ ზამთარს. ფართოდ იყენებენ აღმ. საქართვ. მშრალ რ-ნებში, კერძოდ თბილისში, ეროზირებული ფერდობების გასამწვანებლად (ზ. დ. 600–700 მ სიმაღლემდე). თბილისის მიდამოებში გაშენებულია 300 ჰა-ზე მეტ ფართობზე, შეტანილია  „საქართველოს წითელ ნუსხაში".

ა. ვეკუა