ენდოკრინოლოგია (ბერძნ. endon – შიგნით, krinō – გამოვყოფ, logos – მოძღვრება), მეცნიერება, რ-იც სწავლობს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (ჯირკვლოვანი სტრუქტურის სპეციალიზებული ორგანოების) განვითარებას, აგებულებას და ფუნქციას, აგრეთვე – მათ მიერ გამომუშავებული, უშუალოდ სისხლში გამოყოფილი სპეციფიკური პროდუქტების (ჰორმონების) ბიოსინთეზს, სეკრეციას, ცვლასა და ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმებს ნორმაში, ასევე ამ ჯირკვლების დისფუნქციის შედეგად წარმოქმნილ ენდოკრინოლოგიურ ავადმყოფობებს. ამგვარად, ე. კომპლ. მეცნიერებაა, რ-იც მოიცავს მორფოლოგიას, ფიზიოლოგიას, პათოფიზიოლოგიას, ჰორმონების ქიმიას, ბიოქიმიას, გენეტიკას და იმუნოგენეტიკას, მოლეკულურ ბიოლოგიას, ჰორმონების ხელოვნურ სინთეზსა და ამ სინთეზური ანალოგების პრაქტიკაში გამოყენებას არა მხოლოდ ენდოკრინოლოგიური, არამედ სხვა ავადმყოფობების დროსაც. ენდოკრინოლოგიის თანამედროვე მიღწევები პირდაპირ თუ ირიბად, გამოყენებულია კლინიკური მედ. თითქმის ყველა დარგში. საქართველოში ენდოკრინოლოგიური პროფილის პირველი დაწესებულება – ჩიყვის საწინააღმდეგო სადგური – დაარსდა 1921 ი. ასლანიშვილის ინიციატივით. ენდოკრინოლოგიური პროფილის პირველი სამეცნ. ლაბორატორია გაიხსნა 1958 ამჟამინდელ ი. ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, ვ. ივერიელის ხელმძღვანელობით. მისივე თაოსნობით, პირველად 1961 გაიხსნა ენდოკრინოლოგიური სტაციონარული განყ-ბა თბილისის I კლინიკურ საავადმყოფოში. 1967 პირველად კავკასიაში, მაშინდელი სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტში ჩამოყალიბდა ე-ის კათედრა (გამგე – ვ. ივერიელი), რ-მაც დიდი როლი შეასრულა საქართველოსა და მთელ კავკასიაში ე-ის დარგის სპეციალისტების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს ენდოკრინოლოგიური სამსახურის ფართო ქსელი. რაიონული და საქალაქო პოლიკლინიკების შემადგენლობაშია ენდოკრინოლოგიური კაბინეტები. საქართველოს ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, გორი, ზუგდიდი და ა. შ.) ავადმყოფთა სპეციალიზებული ამბულატორიული და სტაციონარული დახმარება ხორციელდება ენდოკრინოლოგიურ დისპანსერებსა და ენდოკრინოლოგიურ (დიაბეტოლოგიურ) ცენტრებში, აგრეთვე სამეცნ.-კვლ. ინ-ტების ენდოკრინოლოგიურ განყ-ბებში. სპეციალიზებული ქირურგიული დახმარება ხორციელდება თბილისის მეოთხე კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიურ კლინიკაში (ხელმძღვანელი – ვ. ჩაჩიბაია) და ი. ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის სამეცნ.- კვლ. ინ-ტში (დირექტორი – ა. ხომასურიძე). დიდი მოცულობისა და პრაქტიკული მნიშვნელობის სამუშაო სრულდება ისეთი სახელმწიფო-სამედიცინო პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა იოდის დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის სახელმწ. პროგრამა (კოორდინატორი – ზ. სეხნიაშვილი) და სპეციფიკურ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწ. პროგრამა (კოორდინატორი – დ. მეტრეველი). ავადმყოფთა თანამედროვე დონეზე მოვლისა და მკურნალობის ორგანიზებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიაბეტიან ბავშვთა ასოციაცია და დიაბეტიან ბავშვთა საზაფხულო ბანაკი, საქართველოს დიაბეტური ასოციაცია და სხვ. ენდოკრინოლოგთა კადრების აღზრდას და ენდოკრინოლოგიის დარგში სამეცნ. კვლევის ჩატარებას ემსახურება ისეთი დაწესებულებები, როგორიცაა თსსუ (ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვ. – დ. ვირსალაძე), ი. ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის სამეცნ.- კვლ. ინ-ტი, საქართველოს დიაბეტის ცენტრი (დირექტორი – რ. ყურაშვილი), კლინიკა „ჯანმრთელი ცხოვრება" (ხელმძღვ. – ე. გიორგაძე), აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგიადიეტოლოგიის ცენტრი („ენმედიცი", დირექტორი – დ. მეტრეველი) და სხვ.
დ. მეტრეველი