ენდრო (Rubia), მცენარეთა გვარი ენდროსებრთა ოჯახისა, მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქები ან ნახევრად ბუჩქები. აერთიანებს 55-მდე სახეობას. გავრცელებულია ზომიერ სარტყლებში. საქართველოში ე-ს 2 სახეობა იზრდება: ქართული ანუ საღებავი ე. (R. iberica, R. tinctorum) და ამიერკავკასიური ე. (R. transcaucasica).). ქ ა რ თ უ ლ ე-ს აქვს 2 მ-მდე სიგრძის მხოხავი, დატოტვილი, ხორკლიანი ღერო, რგოლურად (4–6 ერთად) განლაგებული ფართო ლანცეტა ან ელიფსური უხეში ფოთლები და ნახევარქოლგებად შეკრებილი მოყვითალო-მომწვანო ყვავილები. იზრდება ქართლში, გარეკახეთში, გარდაბანში, ქიზიყსა და მესხეთში მთის ქვედა და შუა სარტყლის ბუჩქნარებში, მდინარეებისა და არხების ნაპირებზე, ღობეების გაყოლებაზე. ე-ს ფესვები შეიცავს წითელ საღებავს, რსაც ძველთაგანვე იყენებდნენ ქსოვილების შესაღებად (შუა აზიაში დღესაც იყენებენ საღებავად). მის ნაყენს ხალხ. მედიცინაში ხმარობენ კუჭის შემკვრელ და შარდმდენ საშუალებად (ადრე რაქიტის სამკურნალოდაც იყენებდნენ). ა მ ი ე რ კ ა ვ კ ა ს ი უ რ ე-ს მოთეთრო ყვავილები აქვს. იზრდება მხოლოდ ქიზიყში.
ლ. ხინთიბიძე