ემხვარი არზაყან ყაზილბაქის ძე

ა. ემხვარი

ემხვარი არზაყან (დიმიტრი) ყაზილბაქის (კონსტანტინე) ძე (26. X. 1880, სოფ. ჩხორთოლი, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი, – 24. III. 1939, პარიზი), სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. წარმოშობით აფხაზ თავადთა ოჯახიდან. ადრე დაობლებული აღიზარდა ძიძის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება სოფ. ოქუმში მიიღო, სწავლა განაგრძო თავდაპირველად ახალსენაკის სას. სასწავლებელში, შემდეგ – ქუთაისის სას. სემინარიაში, რ-იც 1902 დაამთავრა. სწავლის პერიოდში ქრისტ. გამავრცელებელი საზ-ბის სტიპენდიანტი იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა რუსეთში სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ შეძლო. საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის დაფუძნების შემდეგ ე-ს საშუალება მიეცა თავისი ნიჭი და ენერგია ქვეყნის სამსახურისათვის მოეხმარებინა. დიდ წინააღმდეგობას უწევდა ადგილ. შოვინისტებს, ბოლშევიკ რენეგატებს, რუს. და თურქ. ინტერესების აქტიურ დამცველებს. 1919 მარტში აფხაზეთში ჩატარდა სახ. საბჭოს დემოკრ. არჩევნები. 18 მარტს ახლად არჩეული საბჭოს I-მა სხდომამ თავ-რედ ე. აირჩია. მალე იგი სათავეში ჩაუდგა აფხაზეთის მთავრობას, კერძოდ, კომისარიატს. ე. იყო საქართვ. უზენაესი ორგანოს – დამფუძნებელი კრების წევრი. იღვწოდა საქართველოს და, კერძოდ, აფხაზეთის კეთილდღეობისათვის. 1921 ე. საქართვ. ეროვნ. მთავრობასთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. თავდაპირველად სტამბოლში ცხოვრობდა, ბოლოს პრაღაში დაბინავდა, სადაც მცირერიცხოვან ქართ. კოლონიას მეთაურობდა. 1939 წ. 8 მარტს იგი ეწვია ქართ. ემიგრაციას პარიზში, რათა უფრო ახლოს გასცნობოდა მათ მუშაობას; მოულოდნელად ავად გახდა და გარდაიცვალა. ქართულმა ემიგრაციამ იგი დიდი პატივით დაკრძალა ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. ემიგრაციაში მყოფ ე-ს მიმოწერა ჰქონდა სამშობლოში დარჩენილ ოჯახთან – მეუღლე მარიამ ჩიკვაიძესა და შვილებთან: ვლადიმერსა (რ-იც, როგორც ჩანს, 1937 ამ მიმოწერას ემსხვერპლა) და გიორგისთან (გივისთან). ამ წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ ე. იყო „აფხაზეთის დიდი მამულიშვილი და საქართველოს უსაზღვრო პატრიოტი".

ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 2, თბ., 1993.

დ. ჩიტაია