„ელმავალმშენებელი“

პირველი ქართული სამგზავრო ელმავალი 4Е1

„ელმავალმშენებელი“ (სააქციო საზოგადოება), ელექტროტექნიკური მრეწველობის ერთ-ერთი უდიდესი საწარმო თბილისში. შეიქმნა 1949 ორთქლმავალვაგონშემკეთებელ ქ-ნაში არსებული ელმავლების შემკეთებელი საამქროს ბაზაზე, როგორც ლოკომოტივშემკეთებელი ქ-ნა; 1957-იდან გადაკეთდა ელექტრომავალმშენებელ ქ-ნად (მეორე ქ-ნა საბჭ. კავშირში ნოვოჩერკასკის ელექტრომავალმშენებელი ქ-ნის შემდეგ), ხოლო 1975 ჩამოყალიბდა, როგორც თბილ. საწარმოო გაერთიანება „ელექტრომავალმშენებელი" (მასში შევიდა: თბილ. ელექტრომავალმშენებელი ქ-ნა – სათავო საწარმო, თბილისის ქ-ნა „ელექტროძრავა", ახალციხის ქ-ნა „ელექტროძრავა" და სპეც. საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო; 1986-იდან შეუერთდა ბათუმის ქ-ნა „კავკაზტრანსფორმატორი", თავისი ფილიალით „გელათი" და ბათუმის ელექტრომექანიკური ქ-ნა), 1989 კი დაერქვა თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ე.", რ-იც 1994, სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ, დაიშალა და მასში შემავალი საწარმოები დამოუკიდებელ შპს-ებად ჩამოყალიბდა (სპეც. ს ა პ რ ოე ქ ტ ო - ს ა კ ო ნ სტრუქტორო ბიურო, შემდგომში შპს „ელექტროტრანსპორტპროექტი", დარჩა სააქციო საზ-ბა „ე-ის" დაქვემდებარებაში, 2002-იდან კი გაუქმდა და მასვე შეუერთდა). ქ-ნას არაერთხელ ჩაუტარდა გაფართოებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები (1957–60, 1970–75, 1983-იდან – პერიოდულად). თბილისის ელმავალმშენებელი ქ-ნა სპეციალიზებული იყო მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების გამოშვებაზე. 1957 წ. 30 დეკ. ქ-ნამ გამოუშვა ნ8-201 (Н8- 201), შემდგომში ვლ8-201 (ВЛ8- 201) ტიპის რვაღერძიანი, ორსექციიანი პირველი მაგისტრალური ელმავალი. შემდგომ წლებში კი აითვისეს ახ. ტიპის მაგისტრალური (ვლ10, ვლ11, ვლ15, ე13; სხვადასხვა მოდიფიკაციით) და სამრეწვ. (კოქსმქრობი) ელმავლების (ეკ13 და ეკ14) წარმოება. გარდა ამისა, გამოუშვეს ახ. სახის პროდუქცია – ელექტროთაკარა ეშ186 და ეშ188 (სასაწყობო მეურნეობაში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების მექანიზაციისათვის). თბილისური ელმავლები კონკურენტუნარიანი იყო და თავისი ტექ. პარამეტრებით არ ჩამოუვარდებოდა იმ დროისათვის არსებულ მსოფლიო ნიმუშებს. თბილ. ელმავალმშენებელი ქ-ნა საბჭ. კავშირში წარმოებული მაგისტრალური ელმავლების მესამედს უშვებდა. სამრეწველო (კოქსმქრობი) ელმავლები მზადდებოდა მხოლოდ საქართველოში და იგზავნებოდა არა მარტო მოკავშირე რესპუბლიკებში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1993–98, ეკონ. კავშირების გაწყვეტისა და საჭირო ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებელი დეტალების დეფიციტის გამო, ქ-ნაში ელმავლების წარმოება დროებით შეწყდა. 1995 „ე." გამოეყო საქართველოს მრეწველობის სამინისტროს და შპს „საქართველოს რკინიგზის" დაქვემდებარებაში გადავიდა, რ-საც დროებით სამართავად გადაეცა სახელმწ. საკუთრებაში არსებული ამ სააქციო საზ-ბის აქციების 51%. 1999-იდან ქ-ნაში დაიწყეს ახ. სამგზავრო ელმავლის დამზადება. 2000 წ. „ე-მა" გამოუშვა პირველი ოთხღერძიანი სამგზავრო ელმავალი 4E1 (სიჩქარე 120 კმ/სთ ). 2005 წ. თებერვლიდან „ე-ის" აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა უცხოურმა კომპანიამ „დემა კომპიუტერს ლიმიტედმა" („Dema Computers Ltd“). ამავე წლიდან ქ-ნამ დაიწყო ახ. მოდიფიკაციის ვლ 11მ/5 და ვლ 11მ/6 ტიპის ელმავლების, აგრეთვე სამრეწველო (კოქსმქრობი) ელმავლის – ეკ15-ის გამოშვება. ამასთან ერთად, ეწევა მაგისტრალური ელმავლების შეკეთებამოდერნიზაციას, ამზადებს მათ სათადარიგო ნაწილებს, მუშაობს თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვით სამგზავრო და სატვირთო ელმავლების შექმნაზე. თავისი არსებობის მანძილზე (1957–2010) „ე-მა" სულ დაახლ. 4500-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ელმავალი გამოუშვა. პირველი ოთხღერძიანი სამგზავრო ელმავლის შექმნისა და ექსპლუატაციაში გაშვებისათვის შპს „საქართველოს რკინიგზის" და „ე-ის" სპეციალისტთა ჯგუფს 2002 წ. მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექნიკის დარგში.

ჯ. ბოლაშვილი