ელიავა გიორგი გრიგოლის ძე

გ. ელიავა

ელიავა გიორგი გრიგოლის ძე [13 (25) I. 1892, საჩხერე, – VI. 1937], მიკრობიოლოგი. 1909 შევიდა ნოვოროსიის (ოდესის) უნ-ტის სამედიცინო ფაკ-ტზე, საიდანაც 1910 გარიცხეს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის. 1912–14 სწავლობდა ჟენევის უნ-ტში, ხოლო 1916 დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის სამედიცინო ფაკ-ტი. ამავე წელს დაინიშნა კავკ. ფრონტის ქ. ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორ. გამგედ. 1917–18 განაგებდა საქალაქთაშორისო კავშირის თბილ. ცენტრ. ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას. 1918–21 და 1925–27 მუშაობდა პარიზში, პასტერის ინ-ტში, ე. რუს, შ. ნიკოლის, გ. რამონის, ა. კალმეტისა და ფ. დ 'ერელის ლაბორატორიებში. 1923 მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა ბაქტერიოლოგიური ინ-ტი, 1936 მისივე თაოსნობითა და პროექტით შეიქმნა ბაქტერიოფაგიის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, რ-ის პირველი დირექტორი თვითონ იყო. 1927-იდან ე. განაგებდა თსუ-ის ჰიგიენის, ხოლო 1929-იდან მიკრობიოლ. კათედრებს, 1936–37 კი მუშაობდა თბილ. სახელმწ. სამედიცონო ინ-ტში. 1934 ე-ს ხელმძღვანელობით თბილისში გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური. ე-მ ფ. დ’ერელთან ერთად ბაქტერიოფაგის კულტურებში აღმოაჩინა სპეციფ. ლიზინი, ე. პოზერსკისთან ერთად კი დაადგინა ბაქტერიოფაგზე ქინაქინის ნაერთების სპეციფ. მოქმედება. ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა აზრი, რომ ბაქტერიოფაგი განაპირობებს მიკრობთა ფართო ცვალებადობას. ე. იცავდა ბაქტერიოფაგის ცოცხალი ბუნების თეორიას, რაც შემდგომში წარმატებით დადასტურდა. არის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი.

თხზ.: De l’action destructive des sels de quinine sur le bactériophage de d’Hérelle, «Comptes rendus de la Société de Biologie», 1921, t. 85 (თანაავტ. E. Pozerski); Dimensions du corpuscule bactériophage, იქვე, 1927, t. 96 (თანაავტ. E. Suarez); Unicité du bactériophage sur la lysine du bactériophage, იქვე, 1921, t. 85 (თანაავტ. F. D’Hérelle).