დანკალი

დანკალი, ნასოფლარი ისტორიულ ზემო ჯავახეთში; მდებარეობდა ჯავახეთის პლატოზე, კუმურდოს სამხრ. დას-ით, მტკვრის კანიონის ნაპირას.

დასახლება წინაფეოდ. ხანაში გაჩენილა, რასაც მოწმობს გამაგრებული გორანამოსახლარი და კერამ. ფრაგმენტები გვიანდ. ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანისა. სოფელში დგას X–XI სს. დარბაზული ეკლესია. იგი ნაგებია გათლილი ქვებით და კირხსნარით. შესასვლელები ჩრდ-იდან და დას-იდან ჰქონია, სამხრ-იდან მინაშენია, რ-შიც გასვლა შეიძლება მთავარი ნავიდან. სახურავი ჩაქცეულია. ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა.

ეკლესიაში აღმოჩნდა ადრინდ. ფეოდ. ხანის სტელათა ფრაგმენტები, აგრეთვე სტელის კუბური ბაზისი, რ-ზედაც წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარია ამოკვეთილი. ერთ სტელაზე ადამიანის ფიგურა, ტოლმკლავა ჯვარი და ყვავილის რელიეფური გამოსახულებანი ყოფილა, რ-იც V–VI სს. მიჯნით თარიღდება. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით (XVI ს. ბოლო), ახალქალაქის ლივის აქშეჰირის ნაჰიეში (რ-ნი) შემავალი სოფ. დ. მოსახლეობისაგან დაცლილია. 1972 იქ ჯერ კიდევ იყო შერჩენილი სამი კომლი.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი: თორი, ჯავახეთი, თბ., 1985; საქართველოს სსრ კულტურის ძეგლები, თბ., 1959; ჯ ი ქ ი ა  ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958; Ч у б и н а ш в и л и  Н. Г., Хандиси, Тб., 1972.

დ. ბერძენიშვილი