დარბევა

დარბევა, (ისტ.), შუა საუკ. საქართველოში: 1. სამხედრო მოქმედების სახეობა საგარეო თუ შინაომებში, ხშირად რეპრესიის მიზნით. 2. დანაშაული – ფეოდალების მიხდომა-თავდასხმა და ძარცვა; უფლების თვითნებურად განხორციელება და მტერთან ანგარიშის გასწორება. 3. ქონებრივი სასჯელი (ეგზეკუციური ხასიათისა) – ერთგვარი ჯარიმა, იძულებითი გადახდევინება (იგივე აკლება).

დ. თავდაპირველად თემის რეაქცია იყო მისი წესების დარღვევისათვის, შემდგომში მას მებატონეები მიმართავდნენ ყმებთან ურთიერთობაში, ზოგი ქმედებისათვის დ-ს სანქციად სახელმწ. და ეკლესიაც კი აკანონებდა. მიუხედავად ამისა, ხალხურობის ელემენტი მასში ბოლომდე (XIX ს.) არ წაშლილა.

მაგ., დ-ით ისჯებოდა ის, ვინც წყლით სარგებლობის რიგს დაარღვევდა გზას გადახნავდა და მიისაკუთრებდა, მდევარსა და ლაშქარს დააკლდებოდა. თავდაპირველად ჯარიმის სახით პირუტყვსა თუ სხვა საოჯახო ქონებას ართმევდნენ, შემდეგ კი თანდათან „თეთრით" დ., ე. ი. ფულადი დ-ც შემოვიდა.

საერო და სას. ხელისუფლება დ-ს, ჩვეულებრივ, იასაულსა და „მეჯურუმეს" ანუ მეჯარიმეს ავალებდა (იხ. სტ. ჯურუმი).

ლიტ.: ქართული სამართლის ისტორიის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1973.

დ. ფურცელაძე