დარგთაშორისი ბალანსი

დარგთაშორისი ბალანსი, ეკონომიკური მაჩვენებლებისა და მათემატიკური მოდელების სისტემა, რომელიც გამოიყენება ეკონომიკურ ანალიზსა და პროგნოზირებაში.

დარგთაშორისი კავშირების საბალანსო ცხრილები პირველად შეიმუშავა ამერ. ეკონომისტმა ვ. ლეონტიევმა, რ-მაც მიიღო სახელწოდება „დანახარჯი-გამოშვება" (Input-Output). ამასთან ერთად, ვ. ლეონტიევმა დარგთაშორისი კავშირების ანალიზისას შემოგვთავაზა გამოკვლევის მათ. მეთოდების (წრფივი ალგებრის) ფართოდ გამოყენება. მის მიერ შემუშავებული ცხრილების მეთოდოლ. პრინციპები დაფუძნებულია წონასწორობის თეორიაზე, რ-ის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო ცნობილი შვეიცარიელი ეკონომისტი ლ. ვალრასი (1834–1910). დ. ბ-ების შემუშავებაში, მათი ეკონ. ანალიზისა და პროგნოზირების საკითხების შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანეს საბჭ. კავშირის გამოჩენილმა მეცნიერებმა: ვ. ნემჩინოვმა, მ. ეიდელმანმა, ა. აგანბეგიანმა, ა. გრანბერგმა, ვ. კოსოვმა, ე. ბარანოვმა, ფ. კლოცვოგმა და სხვ.

საქართველოში საგეგმო დ. ბ. ნატურალურ გამოსახულებაში პირველად შეიმუშავეს 1964-თვის საქ. სსრ სახელმწ. საგეგმო კომიტეტში. ამ კომიტეტთან არსებულ სახ. მეურნ. ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ჩატარდა მოკავშირე რესპუბლიკების საგეგმო დ. ბ-ების სისტემის აგების ექსპერ. სამუშაოები (1963–80). ინ-ტში დამუშავდა აგრეთვე საგეგმო დ. ბ-ები 1970 და 1975 წლებისათვის. საქართვ. ცენტრ. სტატისტ. სამმართველომ შეადგინა საანგარიშგებო დ. ბ-ები 1966, 1972 და 1977 წლებისათვის. გარდა ამისა, შემდგომ საქართვ. სტატისტ. სახელმწ. დეპარტამენტმა შეიმუშავა რესურსებისა და მათი გამოყენების ცხრილები 1999, 2000 და 2001 წლებისათვის. ვ. მელქაძის სახ. სოც.-ეკონ. და რეგიონული პრობლემების სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სისტემატურად სრულდებოდა საანგარიშგებო და საპროგნოზო გაანგარიშებები ღირებულებითი „დანახარჯი-გამოშვების" მოდელის საფუძველზე. ინ-ტში ღირებულებით დ. ბ-თან ერთად ჩატარებულია გაანგარიშებები ნატურალურ-ღირებულებითი დარგთაშორისი მოდელის საფუძველზე 1975, 1980, 1985 და 1990 წლებისათვის.

2003 დასრულდა 1998 წლის დ. ბ-ის საანგარიშგებო ნატურალურ-ღირებულებითი სტრუქტურული მოდელით გაანგარიშება. ამჟამად დ. ბ-ის პრობლემებზე მხოლოდ თეორიული კვლევა მიმდინარეობს, ხოლო პრაქტიკულად ბალანსები აღარ დგება. საქართველოში დ. ბ-ების შემუშავებისა და გამოყენების პრობლემების შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ი. ანანიაშვილმა, კ. აჩელაშვილმა, ჯ. იოსავამ, მ. კეკელიძემ, თ. მთიულიშვილმა, ი. მესხიამ, ვ. პაპავამ, ს. სანაძემ, ნ. სულავამ და სხვებმა.

ლიტ.: ს უ ლ ა ვ ა  ნ., საქართველოს სსრ საზოგადოებრივი პროდუქტის დარგთაშორისი ბალანსი, თბ., 1973; А г а н б е г я н  А. Г., Г р а н б е р г  А. Г., Экономико-математический анализ межотраслевого баланса СССР, М., 1968; Л е о н т ь е в  В. В., Исследования структуры американской экономики, М., 1958; Э й д е л ь м а н  М. Р., Межотраслевой баланс общественного продукта, М.., 1966.

თ. მთიულიშვილი