დარეჯანაშვილი არჩილ სტეფანეს ძე

დარეჯანაშვილი არჩილ სტეფანეს ძე (1861, სოფ. ყორაღანი, ახლანდ. კახის რ-ნი, აზერბაიჯანი, 16. XII. 1921, თბილისი), ერთ-ერთი პირველი ქართველი (ინგილო) აგრონომი.

1880 დაამთავრა ნიკიტის (დაბა ყირიმში, იალტის მახლობლად) მებაღეობა-მევენახეობის სასწავლებლის მეღვინეობის უმაღლესი პრაქტ. კურსები. მუშაობდა სიმფეროპოლსა (1880–82) და მუხრანში (1882–86) უფროს მებაღედ, შემდეგ – სოფ. საცხენისის (თელავის მაზრა) და ახალციხის სკოლებში, სადაც ხელმძღვანელობდა სას.-სამ. განყ-ბებს და სკოლების სასწ. მეურნეობებს.

1890–96 იყო ნაფარეულის საუფლისწულო მამულში ჩაის პლანტაციის უფროსი მებაღე. ექსპერიმენტებს ატარებდა საქართველოში ახ. გაუმჯობესებული სას.-სამ. კულტურების გასავრცელებლად.

თხზ.: როგორ უნდა მოშენდეს აბრეშუმი, ტფ., 1882; მოკლე დარიგება ხეხილის დარგვაზე, ტფ., 1889; საბოსტნე მცენარეების თესვა-მოყვანა და მოხმარება-შენახვა, ტფ., 1895; ფუტკრის გონიერი მოვლა-მოშენება, ტფ., 1896; ვაზის მოვლა-მოშენება და ღვინის დაყენება, ტფ., 1910.

ლიტ.: თ ო დ უ ა  გ., არჩილ დარეჯანაშვილი, თბ., 1964.

გ. თოდუა