დასდებელი

დასდებელი, დ ა ს ა დ ე ბ ე ლ ი, საეკლესიო საგალობლის აღმნიშვნელი უძველესი ქართული ტერმინი, რ-ის შემოღება დაკავშირებულია სას. პოეზიის განვითარების ადრეულ ხანასთან, არა უგვიანეს VII ს.

ტერმინი დ. მომდინარეობს სიტყვიდან "დებაჲ", "დადებაჲ", რაც მიმატებას, დართვას ნიშნავს. თავდაპირველად იგი ნიშნავდა ისეთ პოეტურ სტროფს, რ-იც ამა თუ იმ ფსალმუნის მისამღერად, რეფრენად შემოიღეს; მაშინ ქრისტ. გალობის ძირითადი ელემენტი ჯერ კიდევ ფსალმუნი იყო.

უძველესი ქართ. ძეგლი, სადაც დ. ამ მნიშვნელობით გვხვდება, არის ბერძნულიდან თარგმნილი VII ს. „იერუსალიმური ლექციონარი". შემდეგ, როცა მრავალსტროფიანი საგალობლები შემოიღეს, დ-ის მნიშვნელობა გაფართოვდა, ის სტიქარონებისა და ჰიმნოგრაფიული კანონის, ანუ გალობათა ცალკეული სტროფის თუ ტროპარის აღსანიშნავად გამოიყენეს.

მრავლობითი ფორმით გამოყენებულ ტერმინს (დ-ნი) განზოგადებული მნიშვნელობა აქვს – ხშირად ამა თუ იმ დღესასწაულის მთელ საგალობელ მასალას გულისხმობს.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მ ი ს ი ვ ე, Иерусалимский канонарь VII века. Грузинская версия, Тфл., 1912; L e e b  H., Die Gesänge im Gemeindegottesdienst von Jerusalem, W., 1970.

ლ. ხევსურიანი