დასთანი, (სპარს. – ამბავი, მოთხრობა, რომანი), სპარსული მწერლობისათვის დამახასიათებელი ჟანრი, რ-იც შემდგომ გავრცელდა მახლობელი და შორეული აღმოსავლეთის ხალხთა ლიტ-რაში.
დ. თავდაპირველად ცალკეულ ვრცელ საგმირო თუ რომანულ ეპიზოდებს, ზოგჯერ მთელ პოემებს, ფოლკლორულ ლეგენდებს ეწოდებოდა. მოგვიანებით მოხდა მისი დაკონკრეტება: ხალხური დ. გულისხმობს კლასიკური მწერლობის ნიმუშების ანონიმურ დამუშავებას და ხალხში გავრცელებას.
დ-ის პირველი ნიმუშები (ძირითადად ვრცელი ისტ. ხასიათის საფალავნო რომანები) ირანში გაჩნდა XI–XIII სს-ში, რასაც ხელი შეუწყო საქალაქო ცხოვრების აღორძინებამ.
ცნობილია სპარს. ხალხ. დების აზერბ., უზბ., ტაჯ., ქურთული, ქართ. ვერსიები.
ლიტ.: გ ვ ა ხ ა რ ი ა ა., სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან (დასთანები), თბ., 1973.
ა. გვახარია