დასტური

დასტური, ჯვარ-ხატთა კულტის მსახური აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, „ჯვართ ენაზე" მუჯირი ეწოდებოდა (ს.-ს. ორბელიანის განმარტებით, მ უ ჯ ი რ ი „ხვარბლის მნეს" ნიშნავს).

ევალებოდა ჯვრის (ხატის) სამეურნ. საქმეების გაძღოლა – მამულების დამუშავება-დათესვა, მოსავლის აღება-დაბინავება, სადღეობო ლუდის მოდუღება, დღეობის უზრუნველყოფა სარიტუალო ქადა-პურებით, ხევისბერისათვის (დეკანოზი, ხუცესი) დახმარება სამსხვერპლო საკლავის დაკვლაში და სხვ. დ-ად დგებოდნენ უნჯ ხატებში ერთი ან ორი (იშვიათად სამი) წლით საყმოს წევრი მამაკაცები.

ზოგიერთ მთავარ სალოცავში მათ ქადაგი ასახელებდა, ზოგან კი რიგის მიხედვით დგებოდნენ. დ. იცავდა სიწმინდეს – ერიდებოდა აკრძალული საკვების (ღორი, ქათამი), ჭამას, ახლად მოლოგინებული ქალების სამყოფსა და საქონლის სადგომში შესვლას, ცოლქმრულ ურთიერთობას და სხვ. ხატის მსახურთა იერარქიაში, ხევისბერის შემდეგ, იგი ძირითადი ფიგურა იყო, რ-იც უნჯ სალოცავს (იხ. უნჯი ყმა ) ქონებრივ საფუძველს უქმნიდა და უნარჩუნებდა.

თ. ოჩიაური