დადიანები

დადიანების გერბი
დადიან-მინგრელსკების გერბი

დადიანები, ფეოდალური საგვარეულო დასავლეთ საქართველოში.

გვარსახელი ნაწარმოები უნდა იყოს საკუთარი სახელისაგან „დადი" (ნ.ბერძენიშვილი ). დ. ბაქრაძის აზრით, დ. და ვარდანისძენი ერთი საგვარეულოს ორი განშტოება იყო. ილ. ანთელავას მოსაზრებით დ-ის საგვარეულო საღირისძეთა ცნობილი საგვარეულოს განშტოება უნდა იყოს. ამ შემთხვევაში დ-ის საგვარეულო ეგრისის (ლაზეთის) მეფე სანაღირიდან უნდა მოდიოდეს, რ-იც „ქართლის ცხოვრებაში"

ვახტანგ გორგასლის ერისთავთა შორის არის მოხსენიებული. დ-ის საგვარეულოს პირველი ცნობილი წარმომადგენელია ივანე დადიანი. XII ს. 80-იან წლებში დ. დას. საქართვ. უძლიერესი ფეოდალები იყვნენ. ამ გვარის წარმომადგენლები ბ. დადიანი და ვ. დადიანი დიდ როლს თამაშობდნენ საქართვ. პოლიტ. ცხოვრებაში. XII–XV სს-ში დ-ს ეჭირათ ოდიშის, სავარაუდოა, სამოქალაქოსა და ზოგჯერ სვანეთის ერისთავობაც.

XIV ს. 20-იან წლებში დ-ის საგვარეულოს წარმომადგენელმა გიორგი II დადიანის შვილმა კახაბერმა საფუძველი დაუდო გურიის ერისთავთა ახალ დინასტიას. დ-ის საგვარეულოს ერთი შტო, ბედან დადიანის (XII ს. 80-იანი წწ.) დროიდან მაინც, მემკვიდრეობით ფლობდა ოდიშის ერისთავობას. ხშირად ისინი ფაქტობრივად დამოუკიდებლები იყვნენ სამეფო ხელისუფლებისაგან, მაგრამ მაინც ატარებდნენ საკარისკაცო ტიტულებს.

XVI ს. შუა წლებში ამ შტოს წარმომადგენელმა ლევან I-მა დადიანმა სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია და საკარისკაცო ტიტულზე უარი თქვა. ამის შემდეგ „დადიანი" ოდიშის მთავრის ტიტულად იქცა. XVII ს. 90-იან წლებში დადიანთა პირველი შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი ლევან IV დადიანი ოდიშიდან გააძევა ამ სამთავროს ფაქტობრივმა გამგებელმა გიორგი ლიპარტიანმა (კაცია ჩიქოვანის ძე), რ-მაც XVIII ს. დასაწყისში მიიღო „დადიანის" ტიტული და საფუძველი დაუდო „დადიანთა" ახ. შტოს (იხ. გიორგი IV დადიანი).

ძვ. საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი ლევან IV-ის ვაჟი გიორგი დადიანი, მოსკოვში გაჰყვა მეფე არჩილ II-ს. აქ მან არჩილის ვაჟის ალექსანდრეს ქალიშვილი სოფიო შეირთო ცოლად და დასაბამი მისცა „დადიანის" (ან კიდევ „დადიანოვის") მოსკოვურ შტოს, რ-იც ძვ. დადიანთა საგვარეულოს გაგრძელებას წარმოადგენდა.

XVIII ს-ში „დადიანი" ოდიშის მთავრის ტიტულთან ერთად გიორგი IV დადიანის ძის ბეჟან დადიანის შთამომავლების გვარსახელად იქცა. ოდიშის სამთავროს გაუქმების (1857) შემდეგ „დადიანი" მხოლოდ გვარის აღმნიშვნელად დარჩა.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959; ჟამთააღმწერელი, იქვე; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ბ ე რ ა ძ ე  თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, [ტ. ] 3; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენის გამო, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ილ. ანთელავას რედ., თბ., 1999; ს ო ს ე ლ ი ა  ო., სამეგრელოს სამთავროს წარმოშობის თარიღისათვის, «მიმომხილველი», 1951, [ტ.] 2.

თ. ბერაძე