დაღეთი

დაღეთი, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), ქვემო ქართლის პლატოზე, მდ. ჭივჭავის (ხრამის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: დ., სამშვილდე). ზ. დ. 860 მ, თეთრიწყაროდან 10 კმ. 235 მცხ. (2002).

დ. პირველად 1556 საბუთში მოიხსენიება, საიდანაც ირკვევა, რომ დონდარა მამადელაშვილს დ-ის მამასახლისობა უბოძა დედოფალმა ნესტან-დარეჯანმა. XVII ს. საბუთების მიხედვით, დ-ს ორბელიშვილები ფლობდნენ. სოფლის სამხრ. უბანში შემორჩენილია ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. მის ირგვლივ სასაფლაოზე მრავალი ქვაჯვარია. ზედაპირზე ნაპოვნი მოჭიქული და წითელი კერამიკის ნიმუშები XI–XIII სს. მიეკუთვნება. სოფლის ჩრდ.-დას-ით, დაახლ. 1,5 კმ-ზე, ქვიან ბორცვზე აღმოჩენილია ნანგრევთა ნაშთები. მას ახლა ყალაჩას უწოდებენ, ძვ. რუკებზე კი აქ ყალაჩის მონასტერია აღნიშნული.

კირხსნარიანი ლოდების გროვათა გარდა, არის მშრალად ნაწყობი განიერი კედლებიც. დ-ის დას-ით, დაახლ. 1 კმ-ზე, თეთრიწყაროსკენ მიმავალი გზის მარჯვ. მხარეს, ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევია. პერანგშემოძარცული შენობის კედლები რეგულარული წყობით იყო ნაგები. სამხრ. შესასვლელზე ჯვრებით, კოპებითა და წარწერით შემკული დიდი არქიტრავის ქვა იდო, რ-ის ასომთავრული წარწერა X ს-ისაა და ასე იკითხება: „ქრისტე, შეიწყალე ქობულ ხევისუფალი, ესე და კარკნალი წყაროი მან ქმნა". წარწერაში ნახსენები კარკნალი („დიდი ქვავნარი" – საბა) ზემოაღწერილ ყალაჩას უნდა გულისხმობდეს. ამავე ეკლესიის ქვებში ნაპოვნია წნული ჩარჩოთი შემკული ასომთავრული წარწერის ნაშთი – „თამარის!"; ვარაუდობენ, რომ აქ თამარ მეფე იგულისხმება.

დ-ის მახლობლად შემორჩენილია უკანდაღეთის ნასოფლარი და გადაკეთებული ეკლესიის ნაშთი XI ს. წარწერებით, ჩრდ.-აღმ-ით კი – ნასოფლარი ორთაშუა. ყველა წარწერიანი ქვა ამჟამად საქართვ. ეროვნ. მუზეუმშია.

წყარო: დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, [ტ.] 2, ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1953; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ლაპიდარული წარწერები, [ტ.] 1, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, ზ. ალექსიძისა და შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1964;

ლიტ.: ც ი ც ი შ ვ ი ლ ი  ი., რუსთაველის ეპოქის ძეგლები ქვემო ქართლში, «ძეგლის მეგობარი», 1966, №8.

დ. ბერძენიშვილი