დაღესტანი

დაღესტანი, დ ა ღ ი ს ტ ა ნ ი (თურქ. დაღ – მთა და სპარს. სტან – ქვეყანა), რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში (სამხრეთი ფედერალური ოკრუგი), მოიცავს კავკასიონის ჩრდ. მთიანეთსა და კასპიისპირეთის დაბლობს, სადაც უძველესი დროიდანვე იბერიულ- კავკასიური ოჯახის დაღესტნური ჯგუფის ხალხები (ანტ. წყაროების მიხედვით – ლეგები, გელები, უტიები და სხვ.) ცხოვრობდნენ.

ისტ. დ. (ძვ. ქართ. წყაროებით – ლეკეთი, დიდოეთი) უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. თანამედროვე საზღვრებში იგი 1860 ჩამოყალიბდა, როგორც რუს. იმპერიაში შემავალი ოლქი. დ-ის სახელწოდებით X–XVI სს-იდან მოიხსენიება. დაღესტნელთა კულტურა იმთავითვე მეზობელი ხალხების კულტურასთან მჭიდრო კავშირში ვითარდებოდა. ძვ. წ. III ათასწლეულში მისი ტერიტ. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების სფეროში შედიოდა.

ძვ. ქართული წყაროები ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნის (ძვ. წ. IV–III სს.) დროიდანვე მიუთითებენ უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველთა და ლეკ-დიდოელთა ერთობლივ ბრძოლაზე. ძვ. წ. III ს. დამდეგს ქართლის მეფე ფარნავაზს გარეშე მტრებთან ბრძოლაში ლეკებიც ეხმარებოდნენ. ლეკები და დიდოელები შემდეგაც არაერთხელ გამოვიდნენ ქართლის მეფის მოკავშირედ.

ახ. წ. III ს. შუა ხანებში სასანიანთა ირანის წინააღმდეგ მებრძოლ ქართლის მეფეს ასფაგურს ჩრდ. კავკასიიდან ლეკები გადმოუყვანია. აღმ. ამიერკავკ. ქვეყნების დაპყრობის შემდეგ სასანიანებმა ჩრდ. კავკასიიდან ამიერკავკასიაში გადმოსასვლელი გზა დარუბანდის კედლით ჩაკეტეს, რის შედეგადაც სამხრ. დ. სასანიანთა მფლობელობაში მოექცა. IV ს. შუახანებიდან ჩრდ. დ-ში ჰუნები გამოჩნდნენ. VI ს. დამდეგს დ-ის ტერიტორიაზე ჰუნისაბირების გაერთიანება შეიქმნა. უცხოელთა ბატონობის წინააღმდეგ დაღესტნელი და ქართვ. ხალხები ამის შემდეგაც ერთად იბრძოდნენ. დიდოელები ეხმარებოდნენ ქართლის ერისმთავარ გუარამს, რ-იც ირანის წინააღმდეგ იბრძოდა.

VII ს. 50–60-იან წლებში დ-ის ჩრდ. ნაწილში ხაზარები გაბატონდნენ, სამხრ-ში კი – არაბები. არაბებმა დ-ის მოსახლეობაში დაიწყეს ისლამის ძალით გავრცელება, დევნიდნენ ქრისტიანობას, რ-იც აქ IV ს. დამდეგიდან გავრცელდა. ერთიანი საქართველოს ჩამოყალიბების (XI–XII სს.) შემდეგ, დ-ის ზოგიერთი თემი (მაგ. დარუბანდი და მისი სამხრ. ტერიტ.) საქართვ. სახელმწიფოს საზღვრებში მოექცა. გაფართოვდა სავაჭრო ურთიერთობა.

საქართველოდან დ-ში შეჰქონდათ აბრეშუმი, შალი, ტანსაცმელი, მარცვლეული, მარილი, კერამ. და ხელოსნური ნაწარმი. დ-ში მრავლადაა აღმოჩენილი XII–XIII სს. ქართ. მონეტები. საქართვ. ხელისუფალნი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დ-ში ქრისტ. რწმენის აღდგენას. ამ მიზნით აგზავნიდნენ მისიონერებს, აგებდნენ ეკლესიებს (დღემდეა შემორჩენილი XI–XII სს-ში აგებული ეკლესიები ანწუხში, წახურში, გინუხში, ხუნძახის ახლოს სოფ. დათუნაში) და სხვ. დ-ში გავრცელდა ქართ. დამწერლობა. საქართველოსთან ეკონ. და კულტ. კონტაქტები აისახა დ-ის არქიტექტურაში, ტოპონიმიკასა და ლეგენდებში. XII ს. დასასრულიდან დ-ში ჩამოყალიბდა შედარებით მსხვილი სახელმწ. გაერთიანებანი: ავარიის სახანო, ყაზიყუმუხის საშამხლო, ხაიდაყის საუწმიო, ასევე რამდენიმე მცირე პოლიტ. გაერთიანება.

XIII ს-იდან საქართვ. პოლიტ. დასუსტებამ, შემდგომმა პოლიტ. დაშლამ დ-თან კავშირიც შეასუსტა. XV–XVI სს-იდან დამპყრობლებთან ბრძოლამ დ. ეკონომიკურად დააქვეითა. დაღესტნელებმა დაიწყეს აღმ. საქართველოზე თავდასხმა. იტაცებდნენ ადამიანებს, ქონებას, საქონელს. დაიწყო ე. წ. „ლეკიანობა". 1754, 1755 და 1785 მათ აღმ. საქართველოს დაპყრობაც სცადეს.

XVI ს. დამდეგიდან დ-ით რუს. იმპერიაც დაინტერესდა. XVII ს. I ნახევარში რუს. მფარველობაში შევიდნენ ტარკის საშამხლო და ხაიდაყის საუწმიო. ირანის წინააღმდეგ ლაშქრობისას (1722) პეტრე I-მა რუს. შეუერთა დ-ის ზღვისპირეთი, მაგრამ 1735 განჯის ტრაქტატით ეს რ-ნი კვლავ ირანს დაუთმო. ამავე ხანებში დაღესტნელები, როგორც მოქირავენი, ხშირად იბრძოდნენ ქართველთა მხარეზე. საქართველო ცდილობდა დ-თან მშვიდობიანი ურთიერთობა დინასტიური ქორწინებით დაემყარებინა. დაღესტნელთა თავდასხმის შედეგად საქართვ. არაერთი სოფელი და მხარე გაუკაცრიელდა. კახეთის უკიდურესი ჩრდ.-აღმ. ნაწილი, ე. წ. ჭარ-ბელაქანი დ-ის მფლობელობაში მოექცა. ამ ტერიტორიაზე შეიქმნა „უბატონო თემები", იქ მცხოვრები ქართვ. გლეხები კი დაღესტნელებმა დაიყმევეს.

აღმ. საქართაველოს რუს. მფლობელობაში შესვლის (1801) შემდეგ დაღესტნელთა თავდასხმებმა იკლო. 1813 ირანთან დადებული გულისტანის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა აზერბაიჯანთან ერთად დ-ც შეიერთა. XIX ს. 20-იანი წლებიდან სხვა მთიელ ხალხთან ერთად დაღესტნელებმაც დაიწყეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა (იმამ შამილის მეთაურობით შეიქმნა სამხ. თეოკრატიული სახელმწ. იმამატი). 1859 წ. 25 აგვ. რუს. არმიამ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა უკანასკნელი გამაგრებული აული ღუნიბი აიღო, შამილი კი დაატყვევეს.

მთიელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის მარცხით დამთავრდა. 1917 თებ. რევოლუციის შემდეგ დ-ში შეიქმნა დროებითი მთავრობა, ე. წ. განსაკუთრებული კომისარიატი, რ-იც ამიერკავკ. განსაკუთრებულ კომიტეტს ექვემდებარებოდა. სამოქალაქო ომის წლებში მთავრობა ბევრჯერ შეიცვალა.

1920 დ-ში დამყარდა საბჭ. ხელისუფლება. დ-ის სახ. საგანგებო ყრილობამ, რ-საც გ. (ს.) ორჯონიკიძე და ი. სტალინი ხელმძღვანელობდნენ, დ. საბჭ. ავტონომიად გამოაცხადა. 1921 ოფიციალურად შეიქმნა დ-ის ასსრ რსფსრ შემადგენლობაში.

1991 მაისიდან ეწოდება დ-ის რესპუბლიკა.

ლიტ.: ა ნ ჩ ა ბ ა ძ ე  ზ., ბ ო ც ვ ა ძ ე  თ., თ ო გ ო შ ვ ი ლ ი  გ., ც ი ნ ც ა ძ ე  მ., ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, ნაკვ. 1, თბ., 1968;  იხ. აგრეთვე სტ-თან ლ ე კ ი ა ნ ო ბ ა .

ვ. გოილაძე