დაღესტნური ენები

დაღესტნური ენები, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალი მონათესავე ენების ჯგუფი.

გავრცელებულია დაღესტანსა და აზერბ. ჩრდ. ზოლში. გამოიყოფა 3 ქვეჯგუფი: ხუნძურ-ანდიურ-დიდოური, ლაკურ-დარგუული და ლეზგიური (სულ 26 ენა). ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ენები (14 ენა) გავრცელებულია დაღ. მთიანეთის ცენტრ. და დას. ნაწილში, აგრეთვე ზაქათალის რ-ნში (აზერბ. რესპ.).

ხუნძური ენა სამწერლობო ენაა, ანდიური (იხ. ანდიური ენები) და დიდოური (იხ. დიდოური ენები) – უმწერლობო. ამ ენებზე მოლაპარაკეთათვის სალიტ. ენაა ხუნძური (ანუ ავარიული). ლაკური და დარგუული გავრცელებულია დაღ. ცენტრ. ნაწილში. ორივე ენა სამწერლობოა. ლეზგიურ ენათა უმეტესობა სამხრ. დაღესტანშია გავრცელებული, ზოგი კი (კრიწული, ბუდუხური, ხინალუღური, უდიური, ნაწილობრივ წახური) – აზერბაიჯანში (უდიების ერთი სოფელი არის საქართველოში, ყვარლის რ-ნში). ლეზგიურ ენათაგან (სულ 10 ენა) სამწერლობოა ლეზგიური და თაბასარანული.

ახლახან შეიქმნა დამწერლობა აღულურისა და წახურისათვის. დ. ე-თა ბგერითი სისტემა სხვადასხვანაირია. ენათა უმეტესობაში 4–5 მარტივი ხმოვანია, ზოგ ენაში კი ხმოვანთა რიცხვი ორ ათეულამდე აღწევს (მაგ., ტინდიურში, ბაგვალალურში). ზოგან დასტურდება გრძელი (ლაკურ, ანდიურსა და დიდოურ ენებში) და ნაზალიზებული ხმოვნები (ანდიურ ენებში, ბეჟიტურსა და ხვარშიულში, ხინალუღურში), ფარინგალიზებული (არჩიბულში, რუთულურში, უდიურში) და ლაბიალიზებული ხმოვნები (დიდოურ ენებში).

თანხმოვანთა სისტემა რთულია. ხშულ თანხმოვანთა სამეულები (მჟღერი ფშვინიერი - მკვეთრი) გვხვდება ყველა ენაში. ხშირია დაპირისპირება ყრუ თანხმოვნებში ინტენსივობის ხარისხით (ინტენსიურისადა: ხუნძურში, დარგუულში, ლეზგიურში...). პრერუპტიული თანხმოვნები (ლაკურში, ლეზგიურში...) ქმნიან ოთხეულთა რიგს [მჟღერი, ყრუ-ფშვინვიერი, ყრუუფშვინვო (მინიმალური ფშვინვით ყრუ-მკვეთრი]. სხვადასხვა ენაშია ლატერალური, პალატალიზებული, ლაბიალიზებული და ფარინგალიზებული თანხმოვნები.

მორფოლოგიაში აღსანიშნავია გრამატ. კლასის სემანტიკური კატეგორია. ზოგ ენაში ეს კატეგორია გამქრალია. კლასებად დაყოფისას, ჩვეულებრივ, ერთმანეთს უპირისპირდება ადამიანისა და ნივთის კლასები, რ-ებიც ზოგჯერ დიფერენცირებულია მამაკაცთა და ქალთა, ნივთთა და ცხოველთა კლასებად. ბრუნება განვითარებულია. გამოიყოფა 4–5 ძირითადი ბრუნვა, ორისამი ათეული თანდებულიანი, ანუ ადგილობითი ბრუნვა. ყველა ენაში დასტურდება ერგატივი (ზოგჯერ საზიარო: ერგატივ-ინსტრუმენტალისტი, ერგატიულ-გენეტიური, ერგატიულ-ლოკატიური...), რ-იც გამოყენებულია გარდამავალი ზმნის ქვემდებარის აღსანიშნავად (ბრუნვათა შედგენილობისათვის ნიშანდობლივია, ერთი მხრივ, ერგატივის არსებობა, მეორე მხრივ, აკუზატივის უქონლობა). გაუფორმებელია სახ. ბრუნვა, რ-ის ფუძე უპირისპირდება სხვა ბრუნვათა ფუძეს. ბრუნება ერთ და ორფუძიანია.

ნაცვალსახელებში ბევრგან გარჩეულია ინკლუზივი და ექსკლუზივი. ზმნა იცვლება გრამატ. კლასების, რიცხვისა და დრო-კილოთა მიხედვით. ზმნაში აღინიშნება სახელობითში დასმული სახელის კლასი. პირის კატეგორია დადასტურებულია ზოგ ენაში. მაგ., დარგუულსა და ლაკურში ზმნა იცვლება როგორც კლასის, ისე პირის მიხედვით, უდიურში – მხოლოდ პირის მიხედვით. მესამე პირი ხშირად უნიშნოა, ლეზგიურში ზმნა არ იცვლება არც კლასისა და რიცხვის, არც პირის მიხედვით: პირველი დაიკარგა, მეორე არ განვითარდა. მორფოლოგიაში ბატონობს აგლუტინაცია.

სინტაქსში გარდამავალ ზმნას ერგატიული კონსტრუქცია აქვს, გარდაუვალს – ნომინატიური; გრძნობა-აღქმის ზმნებს – დატიური ან ლოკატიური. რთული დამოკიდებული წინადადების ნაცვლად ჩვეულებრივია მიმღეობიანი, აბსოლუტივიანი და მსგავსი კონსტრუქციები. საკუთარი ლექსიკა საკმაოდ კარგადაა დაცული; მრავლად არის როგორც მეზობელი ენებიდან, ისე არაბულიდან, სპარსულიდან, თურქულიდან შემოსული სიტყვები.

ბოლო წლებში მეტად მნიშვნელოვანია რუსულიდან ნასესხები ლექსიკის როლი. დაღ. სალიტ. ენებში ამჟამად რუს. გრაფიკის საფუძველზე შექმნილ ანბანს იყენებენ. ადრე (XVIII ს-იდან) არაბ. ანბანი გამოიყენებოდა (ლაკურში, ხუნძურში). დაღესტანში შემორჩენილია ქართ. წარწერები (არა უგვიანეს XIV ს.). ზოგი მათგანი ქართ.-ხუნძურია.

ლიტ.: ჩ ი ქ ო ბ ა ვ ა  ა., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965; მ ი ს ი ვ ე, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1979; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 10 – ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, თბ., 1992; Б о к а р е в  Е. А., Дагестанские языки, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; Вопросы словообразования дагестанских языков, Махачкала, 1986; Г и г и н е и ш в и л и  Б. К., Сравнительная фонетика дагестанских языков, Тб., 1977; მ ი ს ი ვ ე, Морфологическая структура дагестанских языков, Махачкала, 1981; მ ი ს ი ვ ე, Местоимения в языках Дагестана, Махачкала, 1983; Сравнительно-историческая лексика дагестанских языков, М., 1971; Т о п у р и я  Г. В., Морфология склонения в дагестанских языках, Тб., 1995; Х а й д а к о в  С. М., Сравнительно-сопоставительный словарь дагестанских языков, М., 1973.

ტ. გუდავა

გ. ბურჭულაძე