ეგზარქოსი (ბერძნ. exarchos – ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი ხელისუფლების მქონე), 1. ძვ. საბერძნეთში – თანამდებობა ქურუმთა წოდებაში. 2. ბიზანტიაში – იმპერატორის მოადგილე იტალიის სამფლობელოებში (რეზიდენცია – ქ. რავენაში); დიოცეზის მმართველი ეპისკოპოსი (რეზიდენცია – დიოცეზის მთავარ ქალაქში), შემდეგში ე. პატრიარქად იწოდებოდა; XI ს-იდან კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხელე, რ-იც მართავდა და მეთვალყურეობდა კონსტანტინოპოლის ეპარქიის გარეთ, იმპერიის სხვა ადგილებში მდებარე საპატრიარქო და სხვათა კუთვნილ მონასტრებს; პატრიარქის მოადგილედ წარგზავნილი მაღალი წოდების იერარქი, რ-საც ევალებოდა პატრიარქის სახელით საეკლ. საქმეების მოგვარება. 3. სახელმწიფოში მაღალი წოდების იერარქი, მართავს ადმ.-ეთნიკურად განსხვავებულ დიდ საეკლ. ეპარქიას. რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიას (1801) მოჰყვა ქართ. ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და 1811 საქართვ. საეგზარქოსოს დაარსება, რ-საც მართავდა რუსეთის სინოდის მიერ დანიშნული ე. საქართვ. ე-ს მინიჭებული ჰქონდა ქართლისა და კახეთის მიტროპოლიტის წოდება, შემდეგში კი – არქიეპისკოპოსისა. საქართვ. ე. იყო რუსეთის სინოდის წევრი და დიკასტერი-ს უფროსი, შემდეგ – დიკასტერიის მაგიერ 1814 დაარსებული „საქართველო – იმერეთის სინოდალური კანტორის" (გაიხსნა 1815) უფროსი და იწოდებოდა „ქართლისა და იმერეთის ეგზარქოსად" ან მოკლედ „საქართველოს ეგზარქოსად". 1814 თბილისში დაარსდა ე-ის კანცელარია. საქართვ. პირველი ე. იყო ვარლამი (ერისთავი, 1811–17), შემდეგ – რუსეთიდან მოვლინებული არქიერები. საქართვ. საეგზარქოსოს კომპეტენციაში შემავალი ტერიტორია უფრო და უფრო ფართოვდებოდა და XIX ს. დასასრულს მასში შედიოდა მთლიანად ამიერკავკასია, ჩრდ. კავკასია და კასპიის ზღვის აღმ. მხარეც. ე-ის თანამდებობა გაუქმდა 1917 მარტში, ქართველი სამღვდელოების მიერ საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ.
ლიტ.: [Епископ Кирион], Краткий очерк истории грузинской церкви и экзархата за XIX столетие, Тфл., 1901 (კრიპტ.: E. К.).
ბ. ლომინაძე