დაშრობა

დაშრობა, მელიორაციის ერთ-ერთი სახე, ღონისძიებათა კომპლექსი, რ-იც უზრუნველყოფს ადამიანის სამეურნეო საქმიანობაზე წყლის არაკეთილსასურველი ზემოქმედების თავიდან აცილებას ან ლიკვიდაციას.

დ. საშუალებას აძლევს სოფ. მეურნეობას, აითვისოს ახ. მიწები, აამაღლოს მათი ნაყოფიერება, რაციონალურად გამოიყენოს მექანიზაციისა და ქიმიზაციის საშუალებები. მას მიმართავენ აგრეთვე მშენებლობაზე, ტორფის მოპოვებისას, წიაღისეულის ათვისების დროს, სატყეო მეურნეობაში, დასახლ. პუნქტებისა და სამრეწვ. ობიექტების შეტბორვისაგან დასაცავად. დ-ის ძირითადი ობიექტებია დაჭაობებული და ჭარბტენიანი სავარგულები, მინერალიზებული მიწები. მათზე დამშრობი სისტემების მოწყობით ხდება ნიადაგის ფესვთსამყოფელ ფენაში მცენარისათვის ოპტიმალური წყლის რეჟიმის აქტ. და ნორმირებული რეგულირება, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს ნიადაგის აერაციას, თბურ და კვებით რეჟიმს.

დ ა მ შ რ ო ბ ი  ს ი ს ტ ე მ ა, თავის მხრივ, განეკუთვნება მელიორაციულ სისტემებს. მათი დანიშნულებაა დაჭაობებული და ჭარბტენიანი მიწების დაშრობა-გაუმჯობესება. არჩევენ დ-ის ექსტენსიურ და ინტენსიურ სისტემებს. ექსტენსიური დ-ისთვის გამოიყენება არხების ღია ქსელი, ხოლო ინტენსიურისათვის – სისტემატური დრენაჟი.

დამშრობი სისტემის ძირითადი ელემენტებია: დასაშრობი ტერიტორია, წყალმიმღები (მდინარე, ტბა, ზღვა), დამშრობი ქსელი (მარეგულირებელი, გამტარი, გადამღობი), ჰიდროტექ. ნაგებობები (რაბი, სათვალთვალე ჭა, არხის შესართავი და სხვ.), საგზაო ქსელი (გზები, ხიდები, მილხიდები), საექსპლუატაციო და ბუნების დამცველი ნაგებობები და მოწყობილობები. მარეგულირებელი ქსელი (დრენები, ღია დამშრობები, შემკრებები) აგროვებს და დასაშრობი ტერიტორიიდან განარინებს ზედაპირულ და ნიადაგქვეშა ჭარბ წყლებს.

გამტარი ქსელი (მაგისტრალური არხი, კოლექტორი) წყალს ღებულობს მარეგულირებელი ქსელიდან და აგდებს წყალმიმღებში. გადამღობი ქსელი (სამთო და გადამჭერი არხები) იცავს დასაშრობ ფართობს მომიჯნავე ტერიტორიიდან მოდენილი ზედაპირული და გრუნტის წყლებისაგან. დასაშრობ ტერიტორიას მდინარეთა გადადენილი წყლებისაგან დამბების (ზვინულების) მოწყობით იცავენ. წყლის დაშრობა ხდება თვითდინებითი და მექან. სისტემებით, რებშიც მაგისტრალური არხიდან კანალიზირებული წყლები იტუმბება წყალმიმღებში. დამშრობი სისტემა დასაშრობი ტერიტ. წყლის რეჟიმზე ზემოქმედების მიხედვით ორგვარია: ცალმხრივი მოქმედების, როდესაც უზრუნველყოფილია დ., და ორმხრივი მოქმედების – დამშრობ-გამატენიანებელი. დამშრობი სისტემის კონსტრუქცია დამოკიდებულია ტერიტ. ბუნებრივ ფაქტორებზე და სამეურნ.-ეკონ. პირობებზე. ტერიტორიის დ-მ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს გარემოზე. ამიტომ, პროექტის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნების დაცვის ღონისძიებანი, რ-ებიც დასაბუთებულ გონივრულ მინიმუმამდე დაიყვანს არასასურველ ეკოლ. ცვლილებებს.

დ. მ ი წ ე ბ ი ს ა (მშენებლობაში), გრუნტისა და ზედაპირული წყლის არინება შენობების, ნაგებობების, ქვაბულების, აეროდრომებისა და სხვა ობიექტებისაგან. დ-ის სამუშაოებს ხშირად თან სდევს ნაგებობების ან მიწის ფართობის წყლისაგან დაცვის ღონისძიებები (კერძოდ, ჯებირების, თხრილების, დამცავი დრენაჟების, ჰიდროიზოლაციის მოწყობა). წყლის ასარინებლად აგებენ ამოსაშრობ და სარინ არხებს, საგდებ დრენაჟებს, წყალდასაწევ დანადგარებს. როცა გრუნტის წყლის დონე მაღალია, შენობათა სარდაფებს ჰიდროიზოლაციით იცავენ, ხოლო გრუნტის წყლის დონეს დრენაჟების სისტემით სწევენ დაბლა. სამშ. სამუშაოთა შესრულების დროს ქვაბულების დასაშრობად მიმართავენ გრუნტის წყლის დონის ხელოვნურ (ღრმა) დაწევას.

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ჭაობებისა და ჭარბტენიანი მიწების საერთო ფართ. 255 ათ. ჰა-ს აღემატება, აქედან 30 ათ. ჰა აღმ. ნაწილშია (წითელი გორა, ლაკბე, ერწო-თიანეთი, ხელთუბანი, ხვედურეთი, ქცია-ნარიანი და სხვ.), დანარჩენი 225 ათ. ჰა კი მდებარეობს დას. რ-ნებში, კოლხეთის დაბლობზე, ტენიანი სუბტროპიკების ზონაში, რ-იც ჩაის, ციტრუსების და სხვა სუბტროპ. და ტექ. კულტურების სამრეწვ. წარმოების მხრივ ერთ-ერთი ძირითადი რეგიონი იყო საბჭ. კავშირში.

მის ათვისებას და მელიორაციას დიდი მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის საკურორტო ზონის განვითარებისათვის. 1987 წლამდე დამშრალი იყო 150 ათ. ჰა, სადაც შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობა, აღიკვეთა ტროპ. მალარია. კოლხეთი სამელიორაციო ობიექტია. აქ იყენებენ მსოფლიო პრაქტიკაში ნაცად დ-ის ყველა მეთოდსა და ხერხს – ღია და დახურულ დრენაჟს, გადამჭერ არხებს, წყლის გადატუმბვას, მდინარეთა შემოზვინვას, დადაბლებული ტერიტორიების ამაღლებას კოლმატაჟით და რეგულირებით, მიწის ზედაპირის მოშანდაკებასა და პროფილირებას, კულტ.-ტექ. ღონისძიებებს.

გ. გავარდაშვილი