დაძმობილება, ძმად გაფიცვა, ორ პიროვნებას შორის ძმური კავშირის განმტკიცება ხელოვნური ნათესაობის დამყარებით.
გავრცელებული იყო სხვადასხვა ქვეყნის ხალხებში. გვხვდებოდა ძვ. საქართველოშიც, განსაკუთრებით მთაში. დამოწმებულია დ-ის რამდენიმე წესი: ს ა კ ლ ა ვ ი თ დ. – ძმადგაფიცვის მსურველები რომელიმე დღეობაზე ხატში (სალოცავში) გამოვიდოდნენ ნათესავებთან ერთად, ხევისბერი მათ დალოცავდა და საკლავის სისხლს ორივეს აპკურებდა;
ს ი ს ხ ლ ი ს გ ა ზ ი ა რ ე ბ ი თ დ. – შინ ან რომელიმე სადღესასწაულო შეკრებაზე (ქორწილი, საღვთო) თითებს გაიჭრიდნენ, ჭრილობებს ერთმანეთზე მიადებდნენ; ფ ი ც ვ ე რ ც ხ ლ ი ს ჭ ა მ ი თ დ. _ არყით ან ღვინით სავსე თასებში ვერცხლს ჩაფხეკდნენ, თასებს გაცვლიდნენ და გამოცლიდნენ; ტ ყ ვ ი ე ბ ი ს გ ა ც ვ ლ ი თ დ. – ერთმანეთში ტყვიებს გაცვლიდნენ.
დ-ის ყველა ამ წესის შესრულებისას აუცილებელი იყო ერთგულების ფიცის დადება. აღნიშნული წესები ასახულია მხატვრულ ლიტ-რაშიც (ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა). ქალ-ვაჟს შორის და-ძმად გაფიცვაც სათანადო რიტუალის შესრულებით აღინიშნებოდა. რძით სავსე თასებში ვერცხლს ჩაფხეკდნენ, თასებს გაცვლიდნენ და შესვამდნენ.
და-ძმად უფრო ხშირად დედისერთა ქალები და ვაჟები იფიცებოდნენ.
ლიტ.: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე ვ., მთისა და ბარის მოსახლეობის ურთიერთობის ისტორიიდან საქართველოში (მოძმეობის ინსტიტუტი), «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1971, № 3; ი თ ო ნ ი შ ვ ი ლ ი ვ., ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1960; მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., თუშეთი, ტფ., 1933.
ვ. ითონიშვილი