დე ბუა

დე ბუა (de Boyx), XIII ს. ფრანგი ჯვაროსანი რაინდი.

ვატიკანის ფონდში დაცულია დ. ბ-ს საინტერესო წერილი საფრანგეთის ქ. ბეზანსონის არქიეპისკოპოსის ამადე დეტრემლესადმი. დაწერილი უნდა იყოს 1220–22 წლებში (შ. ლომსაძე). წერილის ლათ. ტექსტი პირველად 1893 გამოაქვეყნა რ. რერიხტმა.

საქართველოში წერილის ლათ. ტექსტიც და მისი თარგმანიც (ა. ურუშაძე) პირველად დაიბეჭდა 1974 ვ. ჩაჩანიძის წიგნში „პეტრე იბერიელი და ქართული მონასტრის არქეოლოგიური გათხრები იერუსალიმში". ფრანგი რაინდი წერს, რომ ვიღაც ქრისტიანები იბერიიდან, რ-თაც გეორგენებს (ქართველებს) უწოდებენ, ღვთის შემწეობით შეგონებულნი, უთვალავი მეომრით უშიშრად აღსდგნენ ურწმუნოთა წინააღმდეგ, აიღეს მათი 300 ციხესიმაგრე და 9 დიდი ქალაქი... სახელგანთქმული მათი თექვსმეტი წლის მეფე, „მსგავსია ალექსანდრესი (მაკედონელისა) შემართებითა და მოკრძალებულობით, რწმენით კი – არა. ამ ახალგაზრდას მოაქვს დედამისის – უძლიერესი დედოფლის თამარის ძვლები, ვინაიდან (თამარს) მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუტოვებია, როცა მოკვდებოდა, იერუსალიმში წასულიყო და მისი ძვლები უფლის საფლავის ახლოს დაეკრძალა. დედის სურვილის ღრმად პატივისმცემელს, მას გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინდა ქალაქში დამარხვა ურწმუნოთა ნება-სურვილის მიუხედავად".

ზოგიერთი მეცნიერის (ს. კაკაბაძე, შ. ამირანაშვილი) მოსაზრებით, ეს ახალგაზრდა მეფე ლაშაგიორგია და შესაძლოა თამარ მეფის ნეშტი მართლაც იერუსალიმში იყოს დაკრძალული. ვატიკანის ფონდებში დაცულმა ცნობამ დიდად შეუწყო ხელი არქეოლ. გათხრების დაწყებას 1946 იერუსალიმში, იორდანის უდაბნოში ვ. კორბოს ხელმძღვანელობით, რ-საც შედეგად მოჰყვა V ს. ქართ. ტაძრის უძვ. ქართული წარწერის და კულტურის უძვირფასესი ძეგლების აღმოჩენა (1952).

ლიტ.: ჩ ა ჩ ა ნ ი ძ ე  ვ., პეტრე იბერიელი და ქართული მონასტრის არქეოლოგიური გათხრები იერუსალიმში, თბ., 1974.