დე გრაი დე ფუა შარლ

დე გრაიდე ფუა (De Grailly de Fois) შარლ (დ. და გ. თარიღი უცნობია), ფრანგი ოფიცერი.

რუსეთ-ოსმალეთის (1768–74) ომის დროს გენ. ტოტლებენის ადიუტანტი იყო. მასთან ერთად 1770 სექტემბერში შემოვიდა საქართველოში. მოგვიანებით (1777–83 წლებში) დაწერა მემუარული ხასიათის რელაცია, რ-იც ინახებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში. პირველად გამოსცა (1954) ინგლისელმა ქართველოლოგმა პროფ. დ. ლანგმა.

რელაციაში აღწერილია იმდროინდელი საქართველო, გადმოცემულია ცნობები საქართვ. სოც.-პოლიტ. და ეკონ. ისტ. შესახებ. დ. გ. დ. ფ. აღწერს ტოტლებენის ჯარის შემოსვლას საქართვ. სამხ. გზით სტეფანწმინდაში, მეფე ერეკლე II-ისა და ტოტლებენის შეხვედრას, ერეკლეს სასახლეს თბილისში, მეფე სოლომონ I-თან ტოტლებენის შეხვედრას და სხვ. დ. გ. დ. ფ. მომსწრე იყო ქართვ.-რუსთა ჯარის ოსმალებთან ბრძოლისა აწყურის ციხის აღების დროს.

იგი დეტალურად აღწერს საომარი კამპანიის მსვლელობას და, როგორც სამხ. საქმის მცოდნე, სწორ შეფასებას აძლევს ერეკლე II-ის ტაქტიკას და სტრატეგიას. რელაცია ადასტურებს, რომ საქართვ. პოლიტ. წრეები მტკიცედ ადგნენ რუს. პოლიტ. ორიენტაციის გზას. დ. გ. დ. ფ. აღნიშნავს ქართველებისა და ზოგიერთი სხვა კავკ. ხალხების ყოფის დეტალებს. მაგ., მას შეუნიშნავს საქართველოში დამკვიდრებული ჩვევა, რ-ის მიხედვითაც მამაკაცი მამაკაცს სახეზე არ კოცნის.

რელაციაში იგრძნობა მისი სიმპათიები ერეკლე II-ის მიმართ. დ. გ. დ. ფ. თავდაპირველად ტოტლებენის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, შემდეგ იგი ტოტლებენის წინააღმდეგ განზრახულ ოფიცრების შეთქმულებას მიემხრო და თბილისში დარჩა ერეკლე II-ის კარზე.

1771 წ. 22 აპრ. შეთქმულების სხვა მონაწილეებთან ერთად ყაზანში გაასამართლეს, დიდ დამნაშავედ ვერ ცნეს და უნტერ-ოფიცრად ჩამოაქვეითეს.

თხზ.: დე გრაი დე ფუას ცნობები საქართველოს შესახებ. ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ჯ. ოდიშელმა, თბ., 1985.

ჯ. ოდიშელი