„დედა ენა“

„დედა ენა“, ანუ „ა ნ ბ ა ნ ი  დ ა  პ ი რ ვ ე ლ ი ს ა კ ი თ ხ ა ვ ი  წ ი გ ნ ი  ს ა ხ ა ლ ხ ო  შ კ ო ლ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს", ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლებისათვის, შექმნილი ი. გოგებაშვილის მიერ. გამოვიდა 1876.

„დ. ე-ში" წარმოდგენილია ორი წლის კურსის მასალა. წერაკითხვა ისწავლება ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდით. 1906-იდან „დ. ე." 2 წიგნად გამოდის: პირველში თავმოყრილია წერა-კითხვის შესასწავლი მასალა, მეორეში – საყმაწვილო მხატვრული თხზულებები, ხალხ. შემოქმედების ნიმუშები და საბუნებისმეტყველო, გეოგრ., ისტ. და ეთნოგრ. შინაარსის მეცნ.-პოპულ. სტატიები.

ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ი. გოგებაშვილის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება რელიგიასთან მიმართებით მის სახელმძღვანელოებშიც აისახა. „დ. ე-ის" გამოსვლის შემდეგ რელიგ. მასალა ყოველ ახ. გამოცემაში მატულობდა და 90-იან წლებში მთელი სახელმძღვანელოს მესამედი შეადგინა.

წიგნში შედიოდა ორი ვრცელი განყ-ბა – „სასულიერო-ზნეობრივი" და „მოთხრობანი საღმრთო ისტორიიდან", აგრეთვე ლოცვები და ხუცური ანბანი, ნუსხურ-მხედრული შრიფტით დაწერილი ტექსტები. ცალკე თავებად შედიოდა მასალა ი. გოგებაშვილის საღმრთო ისტორიის სახელმძღვანელოდან, რ-იც ცალკე წიგნად არ გამოსულა.

„დ. ე-ს" საფუძვლად უდევს მაღალი დიდაქტ.-მეთოდიკური პრინციპები, გამსჭვალული კულხალხურობის სულისკვეთებით. მან დიდი როლი ითამაშა ქართვ. ახალგაზრდობის თაობათა აღზრდა-განათლებაში. ავტორის სიცოცხლეში (1912-მდე) იგი 33- ჯერ გამოიცა (1 ნაწ. – 27-ჯერ),

ი. გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ „დ. ე-ის" გამოცემა მიენდო სპეც. კომისიას, რ-საც ლ. ბოცვაძე ხელმძღვანელობდა. 1876–1925 „დ. ე." 45-ჯერ გამოიცა. ვ. ძიძიგურისა და ა. გვახარიას „დედა ენის" 1935–43 გამოცემებში ძირითადად ი. გოგებაშვილის ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდია გამოყენებული.

ი. გოგებაშვილის „დ. ე-ის" საფუძველზეა შედგენილი ნ. ბოცვაძისა და ე. ბურჯანაძის „დ. ე." (2 წიგნად) I და II კლასებისათვის (1944-იდან სისტემატურად გამოდიოდა) და ვ. რამიშვილის მიერ შედგენილი „დ. ე." (პირველად გამოიცა 1973). 1976 ზეიმით აღინიშნა „დ. ე-ის" მე-100 წლისთავი. საიუბილეოდ დაისტამბა 1876 და 1912 გამოცემები.

1994 თბილ. შოთა რუსთაველის სახ. აკად. თეატრში დაიდგა „დ. ე-ის" მოტივზე აგებული სპექტაკლი „იაკობის სახარება" (რეჟ. რ. სტურუა).

ვ. რამიშვილი