დადიანი ალექსანდრე ლეონის ძე

დადიანი ალექსანდრე ლეონის ძე (1801–1860-იანი წწ. დასაწყისი), რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1829), იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი. დაიბადა რუსეთში, სიმბირსკის გუბერნიაში. 1817 ჩაირიცხა ლაიბგვარდიის პრეობრაჟენსკოეს პოლკში. 1821 დანიშნეს გენ. პასკევიჩის ადიუტანტად. მასთან ერთად მონაწილეობდა 1826–27 ირანთან და 1828–29 ოსმალეთთან გამართულ ომებში. სარდარ-აბადის ალყის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა ოქროს დაშნით, ერევნის აღებისათვის – წმ. ანას III ხარისხის, ყარსის აღებისათვის – წმინდა ანას II ხარისხის ორდენებით, ახალციხის აღებისათვის – ამ ორდენისათვის განკუთვნილი ალმასის ნიშნებით. 28 წლის ასაკში, 1829, იგი დანიშნეს ერევნის კარაბინერთა პოლკის მეთაურად. ბრწყინვალედ დაწყებული კარიერა დასრულდა იმით, რომ 1837 იმპ. ნიკოლოზ I-მა ერევნის პოლკის დათვალიერებისას დ. მწყობრიდან გამოიძახა და პოლკში ჩადენილი სამეურნეო დანაშაულისათვის თავის ხელით ჩამოხსნა ფლიგელ-ადიუტანტის აქსელბანდები, ამასთანავე ბრძანა გადაეგზავნათ ბობრუისკის კაზემატში, სადაც მან 1840-მდე დაყო. შემდეგ დ-ს ჩამოართვეს ჩინები, ორდენები, თავადის წოდება და საცხოვრებლად გაგზავნეს ვიატკაში. ბოლოს ნება დართეს ქალაქიდან გაუსვლელად ეცხოვრა მოსკოვში. 1856 იმპ. ალექსანდრე II-მ დ-ს დაუბრუნა თადარიგის პოლკოვნიკის ჩინი, ორდენები, თავადის წოდება.

შ. ცირეკიძე