დადიანი-მიურატი სალომე დავითის ასული

ს. დადიანი-მიურატი და ა. მიურატი

დადიანი-მიურატი სალომე დავითის ასული (1848, ზუგდიდი, – 1913, პარიზი), სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე დადიანის ქალიშვილი.

1868 პარიზში ცოლად გაჰყვა ნაპოლეონ I-ის მარშლისა და სიძის, ნეაპოლის ყოფილი მეფის იოაჰიმ მიურატის შვილიშვილს, იმპერატორ ნაპოლეონ III-ის ფლიგელადიუტანტს, პრინც აშილ შარლ ნაპოლეონ მიურატს. ჯვრისწერა ტუილრის სასახლის კარის ეკლესიაში ნაპოლეონ III-ისა და დედოფალ ეჟენია მინტიხის თანდასწრებით აღსრულდა. ახალ-შეუღლებულ წყვილს საფრანგეთის იმპერატორმა პარიზში მონსოს ბაღის მახლობლად მდებარე პერეირასის სასახლე უყიდა.

1873 ნაპოლეონ III-ის გარდაცვალების შემდეგ დადიან-მიურატების ოჯახი სამეგრელოში დასახლდა, სადაც დ.-მ-მა სოფ. სალხინოსა და ჭკადუაშში დას. საქართვ. ერთ-ერთი პირველი მსხვილი რაციონალურ-კაპიტალ. ტიპის სანიმუშო მეურნეობა მოაწყო.

იგი განსაკუთრებულ ყურადღებას მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას აქცევდა და სენაკის მაზრის დიდ ფართობებზე გაშენებულ ვენახებში ოჯალეშის ჯიშის საუკეთესო ყურძენი მოჰყავდა. წლების განმავლობაში მისი მეურნეობა თანდათან ფართოვდებოდა და სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში რამისა და დაფნის ვრცელ პლანტაციებსაც მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ დ.-მ-ის მეურნეობა ძირითადად დაქირავებულ მუშახელს ემყარებოდა და ვალდებულ გლეხთა შრომა ნაკლებად გამოიყენებოდა.

მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის (1895) შემდეგ, პრინცესა სალომე საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა.

ლიტ.: ბ ე ნ დ ი ა ნ ი შ ვ ი ლ ი ა., კაპიტალისტური მეურნეობები საქართველოს სოფელში XIX–XX სს. მიჯნაზე, «მაცნე», 1968, №3; დადიანების სასახლეების საგანძური. პროექტისა და გამოცემის ავტ. გ. კალანდია, თბ., 2003; კ ა ლ ა ნ დ ი ა გ., გაძარცული საგანძური, თბ., 2006; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970.

გ. ლორთქიფანიძე