დადიშქელიანი

დადეშქელიანი ალექსანდრე (ბექირბი) მიხეილის (ციოყის) ძე (1828, სოფ. ფარი, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, – 1887, რუსეთი, ეკატერინოსლავის გუბ. მელიტოპოლის მაზრა), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1874), ტოპოგრაფი, გეოგრაფი. დაამთავრა პეტერბ. თავადაზნაურთა სამხ. სასწავლებელი და ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში მიიღო ოფიცრის ჩინი. 1843 დ. ხანგრძლივი შვებულებით სვანეთში დაბრუნდა და უფროს ძმასთან – კ. დადიშქელიანთან ერთად ჩუბეხევის სამფლობელოს სათავეში ჩაუდგა. 1857 კონსტანტინემ მოკლა ქუთ. გენ.-გუბერნატორი ა. გაგარინი, ამის გამო დ. ირკუტსკში გადაასახლეს. თავდაპირველად იგი ბაიკალის კაზაკთა ცხენოსან ლეგიონში მსახურობდა (1863-იდან პოლკოვნიკი), შემდეგ აღმ. ციმბირის გენ.-გუბერნატორის ნ. მურავიოვ-ამურსკის ადიუტანტი გახდა. გადასახლებაში ყოფნის დროს ეწეოდა სამეცნ. საქმიანობას. 1880–84 იყო კორეაში. მას ეკუთვნის ამურის მხარის გეოგრ. აღწერა და კორეის გეოგრ.- პოლიტ. მიმოხილვა. დ-ის მეცნ. გამოკვლევებმა მაღალი შეფასება მიიღო და დაიმსახურა მთავრობის ჯილდოები: წმ. ანას, წმ. სტანისლავისა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენები.

ლიტ.: ა ვ ა ლ ი ა ნ ი  გ., რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან, თბ., 1967; გ ა ს ვ ი ა ნ ი  გ., დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბ., 1973; ზ ა რ დ ა ლ ი შ ვ ი ლ ი  გ., გამოჩენილი ქართველი გეოგრაფები და მოგზაურები, თბ., 1966; Г о г и т и д з е  М., Военная элита Кавказа, I, Тб., 2007.

გ. გასვიანი

დადიშქელიანი გიორგი (ჯანსოხ) თენგიზის (ნიკოლოზის) ძე (23. VIII. 1858, მესტია, – 1921), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917). დაამთავრა თბილ. კლასიკური გიმნაზია და იუნკერთა სასწავლებელი. 1876-იდან მსახურობდა ერევნის ლაიბგვარდიის გრენადერთა პოლკში. მონაწილეობდა რუს.-ოსმ. ომში (1877–78), თავი გამოიჩინა არდაჰანის ციხესიმაგრის აღებისას, სადაც დაიჭრა. 1885-იდან მუშაობდა ქუთ. გუბერნიაში ოზურგეთის, ზუგდიდის, რაჭის, ქუთ. მაზრების უფროსის მოადგილედ და უფროსად, ქუთ. ვიცე-გუბერნატორად. 1906 გადაიყვანეს ყარსის ოლქის გუბერნატორად, 1908-იდან – დაღესტნის სამხ. გუბერნატორის თანაშემწედ. 1912–15 სამხ. სამსახურთან ერთად ბაქოს ოკრუგის საპატიო სამოქალაქო მოსამართლის მოვალეობასაც ასრულებდა. 1915–17 იყო დაღესტნის სამხ. გუბერნატორი. 1917 თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებითა და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორის ჯვრით.

ლიტ. იხ. სტ-თან დ ა დ ი შ ქ ე ლ ი ა ნ ი

კ. გ. გასვიანი

დადიშქელიანი დიგორხან (გ. 1843), ჩუბეხევის (სვანეთი) მთავარი. ჩოლურის მფლობელის გარდაფხაძის ასული. მეუღლის – მოსოსტრის – გარდაცვალების შემდეგ, 1821–43, ჩუბეხევის ფაქტობრივი გამგებელი გახდა. 1841-იდან კი მეფის არმიაში დაღუპული ვაჟის – ციოყის – ექვს მცირეწლოვან შვილს მეურვეობდა. დ. რუს. ორიენტაციისა იყო. 1833 მან თავისი ინიციატივით ჩუბეხევი რუს. დაუქვემდებარა. დ. ძლიერი ნებისყოფის ენერგიული მმართველი იყო. 1843 ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს მფლობელი თათარყან დადიშქელიანი თავს დაესხა დ-ის რეზიდენციას. დ. კარგა ხანს თავს იცავდა. ბოლოს ცეცხლმოკიდებული კოშკიდან გადმოხტა და დაიღუპა.

ლიტ. იხ. სტ-თან დ ა დ ი შ ქ ე ლ ი ა ნ ი

კ. გ. გასვიანი

კ. დადიშქელიანი

დადეშქელიანი კონსტანტინე (მურზაყან) მიხეილის (ციოყის) ძე (1826, სოფ. ფარი, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი,– 1857, ქუთაისი), სვანეთის უკანასკნელი მთავარი. ადრე დაობლებულს ბებია– დ. დადიშქელიანი– მეურვეობდა. მანვე შეასწავლა წერა-კითხვა და რამდენიმე ენა. დ-ს მტრობდნენ ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს დადიშქელიანები და სამეგრელოს, აფხ. და ჩრდ. კავკ. ზოგიერთი მფლობელი. 1857 ცარიზმის მიერ სვანეთის სამთავროს გაუქმებასა და მთავრის საქართველოდან გასახლების განზრახვასთან დაკავშირებით დ-მა მოკლა ქუთ. გენ.-გუბერნატორი ა. გაგარინი და მისი სამი მსახური, ხოლო რამდენიმე ჯარისკაცი დაჭრა. 1857 შემოდგომაზე სამხ.-საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით დ. ქუთაისში დახვრიტეს. 1862 გუბერნიის ერთ-ერთი მოხელის ნებართვით მისი ნეშტი ქუთ. წმ. გიორგის ეკლესიაში გადაასვენეს.

წყარო: ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი. 1854–1861, ტფ., 1934.

ლიტ.: გ ა ბ ლ ი ა ნ ი  ე., ძველი და ახალი სვანეთი, ტფ., 1925; გ ა ს ვ ი ა ნ ი  გ., დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბ., 1973.

გ. გასვიანი