დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური ძეგლები

დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროისა და სახის არქეოლოგიური ძეგლები შიდა ქართლში, ე. წ. დედოფლის მინდორზე, მდინარეებს აღმ. და დას. ფრონეს შორის (ქარელის მუნიციპალიტეტი).

გამოვლენილია გვიანდ. ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანის 2 სამაროვანი, ანტ. ხანის და შუა საუკ. რამდენიმე ნამოსახლარი და სამაროვანი, მდ. ფციდან გამოყვანილი სარწყავი რუს ნაშთები. ზედაპირულად აკრეფილია აშელისა და მუსტიეს ხანის ქვის იარაღი.

დედოფლის მინდვრის სამხრ. ნაწილში ადგილ ორგორაზე დადასტურებულია ენეოლითის, ადრინდ., შუა და გვიანდ. ბრინჯაოს, ადრინდ. რკინის, ანტ. და ადრინდ. ფეოდ. ხანის ნამოსახლარი ფენები და სამაროვნები (იხ. არადეთის ორგორა). 1972–82 გათხრების შედეგად (ხელმძღვ. ი. გაგოშიძე) დედოფლის მინდვრის ცენტრში აღმოჩნდა ძვ. წ. II–I სს. ერთიანი გეგმით აგებული სატაძრო კომპლექსი, რ-საც 4,6 ჰა ფართ. უკავია. გაითხარა ცენტრ. კვადრატული ეზოს (ფართ. 105 მ ×103 მ ) გარშემო ერთ სისტემად გაერთიანებული 8 ტაძარი, აღმ. და დას. სვეტებიანი კარიბჭეები და რამდენიმე სხვა ნაგებობა. კომპლექსი ორიენტირებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ.

შენობები ნაგებია ალიზით რიყის ქვის საფუძველზე, გადახურული ყოფილა კრამიტით (მთავარი ტაძრის გარდა). ტაძრებისა და კარიბჭეების ხის სვეტებს აგვირგვინებდა თლილი ქვის ჩუქურთმიანი კაპიტელები. კომპლექსის სამხრ. ნაწილში მდებარე მთავარი ტაძარი ძველაღმოსავლური (ირანული) ცეცხლის ტაძრების ტიპისაა. სამხრ-კენ გახსნილ ვრცელ, სვეტებიან პორტიკს და კვადრ. ნაოსს (300 მ²) 3 მხრიდან დერეფნების სისტემა შემოუყვება. ჩრდ-იდან მიდგმულია ორსვეტიანი ღია პორტიკი – აივანი. ნაოსის ცენტრში, 4 სვეტზე დაყრდნობილი გვირგვინის ქვეშ, მოწყობილი იყო საკურთხეველი; შემორჩენილია 20 სმ სიმაღლის ალიზის პოდიუმი (1,60 მ ×1,60 მ).

ტაძრის კედლები შელესილი და შიგნიდან მოხატული იყო. შიდა ეზოს ჩრდ-იდან ეკვრის ზოგადად ამავე ტიპის მცირე ტაძარი, რ-საც ორმხრივ გარშემოსავლელი და კრამიტის ორფერდა სახურავი ჰქონდა. მისი საკურთხეველი ნაოსის სამხრ.-აღმ. კუთხეში იყო მოწყობილი. კომპლექსის ჩრდ. ნაწილში, ფართო გასავლელით გამოყოფილ ფართობზე განლაგებულია 6 ერთნაირი, უფრო მარტივი გეგმარების ტაძარი. თითოეულ მათგანს აქვს სამხრ-კენ გახსნილი პორტიკი, საიდანაც კარი გადის კვადრ. ნაოსში და მის გვერდით მოწყობილ დერეფნისებურ სათავსში. ტაძრები დგას ეზოებში, რ-ებიც ერთმანეთისგან კედლებითაა გამოყოფილი.

ტაძრების მიდამოებში აღმოჩენილია მათი თანადროული ნასოფლარები, სადაც, ალბათ, ტაძრის მსახურნი სახლობდნენ. კომპლექსის ჩრდ.-დას-ით 400 მ-ზე გათხრებით გამოვლინდა კერამ. სახელოსნო. აღმოჩნდა თიხის ჭურჭლისა და კრამიტის გამოსაწვავი ქურები, ტაძრის მშენებელთა და ხელოსანთა დროებით საცხოვრ. ქოხები, თიხის კარიერი, რ-შიც მრავლად იყო წუნდებული და დამტვრეული ხელოსნური ნაწარმი. იქვე მდებარეობს სამჭედლო და ქვის დამამუშავებელი სახელოსნო.

I ს-ში ტაძრები ხანძრის შედეგად დანგრეულა. როგორც ირკვევა დედოფლის მინდორი ანტ. ხანის ქართლის სამეფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმართული სატაძრო ცენტრი იყო, არის მოსაზრება, რომ ეს ტაძრები ქართლის მეფეთა მთავარი საგვარეულო სალოცავი უნდა ყოფილიყო.

ი. გაგოშიძე