დავით აღმაშენებლის მონეტა, მეფე დავით IV აღმაშენებლის სპილენძის მონეტა.
მასა 10,73 გ. მონეტის შუბლზე წერტილოვან რკალში გამოსახულია წვეროსანი მამაკაცის ფიგურა ჯვრიანი სტემით (სამეფო თავსაბურავით), რომლიდანაც სახის ორივე მხარეს მარგალიტებიანი საკიდები პენდილიები ეშვება; ყელს შემოუყვება მსხვილი მძივების წყება; სამხრეებიც და კაბაც თვლებით არის შემკული; მარჯვენა ხელში სკიპტრა (გრძელტარიანი ჯვარი) უპყრია, მარცხენაში კი – ჯვრიანი სფერო. ფიგურის ორივე მხარეს განთავსებულია ქართ. ასომთავრული წარწერა: დთ – მფ (დავით მეფე).
ხაზოვანი რკალით შემოსაზღვრული ზურგის ცენტრში, ოთხფურცლიან ბუდეში მოთავსებულია ტოლმკლავა ჯვარი, რ-ის მკლავების შემსხვილებულ ბოლოებზე თითო წერტილია დასმული. ჯვრის ბუდეს გარს შემოუყვება ქართ. ასომთავრული წარწერა: დთ–მფ–აფთ–ქ–რნ–კხთ– სხთ (დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა).
მონეტა მოჭრილი უნდა იყოს 1118 შემდეგ, როდესაც დავით აღმაშენებელმა ლორე აიღო და ტაშირის (სომეხთა) სამეფო საქართველოს შემოუერთა. დ. ა. მ-ის ცნობილი ერთადერთი ეგზემპლარი დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში (ლონდონი).
იგი 1857 ენისკილენის ჰერცოგმა უილიამ კოულმა ოსმალეთში ყოფნის დროს შეგროვილ სხვა აღმოსავლურ მონეტებთან ერთად გადასცა მუზეუმს.
ლიტ.: დ უ ნ დ უ ა გ., დ უ ნ დ უ ა თ., ქართული ნუმიზმატიკა, I, თბ., 2006; კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი ძ ე თ., XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ისტორიიდან, თბ., 1980; L a n g D., Notes of Caucasian numismatics, «Numismatic Chronicle», 1957, vol. 17.
თ. ქუთელია