დავითაშვილი გიორგი მიხეილის ძე

დავითაშვილი გიორგი მიხეილის ძე [15(27). II. 1893, ბათუმი, – 4. VII. 1966, თბილისი], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1934). დაამთავრა ბათუმის გიმნაზია (1913) და პეტერბ. ა. პეტროვსკის სასცენო ხელოვნ. სკოლა (1915). 1915–20 დავიდოვის გვარით გამოდიოდა რუს. სცენაზე (ტაგანროგი, მოსკოვი, ორიოლი, ბაქო, ბათუმი). შეასრულა როლები: რასკოლნიკოვი („დანაშაული და სასჯელი" თ. დოსტოევსკის მიხედვით), ჟადოვი (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი"), არმანი (ა. დიუმას „ქალი კამელიებით"), ნაპოლეონი (ვ. სარდუს „მადამ სან-ჟენი") და სხვ. 1920-იდან ქართ. დრამ. თეატრის (ამჟამად შოთა რუსთაველის სახ. თეატრი) სცენაზე შეასრულა 100-მდე როლი. მ. შ. აღსანიშნავია: ფრონდოსო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო"), ჰამლეტი (უ. შექსპირის „ჰამლეტი"), ანზორი და ონისე (ს. შანშიაშვილის „ანზორი" და „ხევისბერი გოჩა"), პლატონ კრეჩეტი და ბოგდან ხმელნიცკი (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი" და „ბოგდან ხმელნიცკი"), ფრანც მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები"), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი"), ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი"), პროფესორი მამლოკი (კ. ვოლფის „პროფესორი მამლოკი"), გენერალი ბრუსილოვი (ი. სელვინსკის „გენერალი ბრუსილოვი"), ბორის გოდუნოვი (ვ. სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე", სსრკ სახელმწ. პრემია, 1946), ფონ შტუბე (ბ. ლავრენიოვის „რღვევა"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის „სამშობლო") და სხვ. 1921-იდან იღებდნენ კინოში. როლები: ციხის მწერალი („არსენა ჯორჯიაშვილი", 1921), ონისე („მოძღვარი", 1922), გრუშნიცკი („თავადის ასული მერი", 1927), კათოლიკოსი („გიორგი სააკაძე", 1942–43), სულხან-საბა ორბელიანი („დავით გურამიშვილი", 1946) და სხვ. დ. გამოირჩეოდა სცენური კულტურით, ხავერდოვანი ხმითა და ძლიერი ტემპერამენტით. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.