დავით ბატონიშვილი

დავით ბატონიშვილი

დავით ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (1. VII. 1767, თბილისი, – 13. V. 1819, სანქტ-პეტერბურგი), გიორგი XII-ის უფროსი ძე, ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი (1801 იანვ.–ივნისი), პეტერბურგის ქართველთა ახალშენის მეთაური, მეცნიერი, მწერალი, მხედართმთავარი, რუს. არმიის გენ.-ლეიტენანტი (1800).

იზრდებოდა თბილისში, თელავში. შეისწავლა ქართ. საერო და სას. მწერლობა, სომხ., სპარს., რუს. ენები. დაუფლებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნ. დარგებს, სამხ. ხელოვნებას. მისი ერთ-ერთი აღმზრდელი (1787–89) იყო დავით რექტორი.

ცოდნა გაიღრმავა რუსეთში, ადრევე გაეცნო ევრ. ფილოსოფიას, განიცადა ფრანგი განმანათლებლების გავლენა. ახალგაზრდობაშივე ჩაება სამხ. და სახელმწ. მოღვაწეობაში. საბრძოლო ნათლობა მიიღო 1790 ჯავახეთში, თურქთა წინააღმდეგ შეტაკებებში. 1795 მამაცურად იბრძოდა კრწანისის ველზე. სარდლობდა კრწანისის მარჯვ. მხარეს, სეიდაბადის ბაღებთან დაბანაკებულ ლაშქარს, იცავდა თბილისში შემოსავლელ გზაჯვარედინს. შემდგომ ალექსანდრე ბატონიშვილთან ერთად სარდლობდა განჯის ალყას, 1799 ყარსის მიდამოებში მისივე ხელმძღვანელობით დაამარცხეს მაჰმად-ფაშა.

1795–98 მსახურობდა რუს. არმიის პრეობრაჟენსკოეს პოლკში, სადაც მიიღო გენ.-მაიორობა (1795). 1796 იბრძოდა იბრაჰიმხანის წინააღმდეგ. 1799 წ. 11 ივნ. გიორგი XII-ის წარდგინებით იმპ. პავლე I-მა დ. ბ. ქართლ-კახეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა (1799 წ. 11 ოქტ.) და წმ. ანას ორდენით დააჯილდოვა. ამ დროიდან ის უფრო აქტიურად ჩაება ქართლ-კახეთის სამეფოს საქმიანობაში.

სპარსეთის შაჰმა ბაბა-ხანმა გიორგი XII-ს მძევლად მოსთხოვა დ. ბ., მაგრამ, როგორც ტახტის მემკვიდრე და რუს. არმიის გენერალი, იგი სპარსეთში არ გაუშვეს. დ. ბ. შეუდგა სამეფოს სამართლებრივ მოწესრიგებას. შეაგროვა ქართ. სამართლის ძეგლები, 1800 შექმნა ქართ. სამართლის კოდიფიკაცია და შეადგინა კრებული „ქართული სამართალი და კანონმდებლობა", რ-იც ცნობილია სახელწოდებით „სამართალი ბატონისშვილის დავითისა" (1964 გამოსცა დ. ფურცელაძემ, ითარგმნა რუსულადაც).

გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ დ. ბ. 1801 იანვრიდან ივნ-მდე ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი იყო. მან ცვლილებები შეიტანა სამეფოს ადმ. დაყოფაში, შეეცადა აღედგინა არაგვისა და ქსნის საერისთავოები, გადაახალისა საადგილმამულო ურთიერთობანი, ზოგიერთი ცვლილება შეიტანა საეკლ. მართვა-გამგებლობაშიც. მისი გამგებლობის დროს მოიჭრა სპილენძის მონეტა (იხ. დავით ბატონიშვილის მონეტა ).

ასეთმა ღონისძიებებმა დ. ბ-სა და ტახტისათვის მებრძოლ ჯგუფებს შორის წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაამწვავა. დ. ბ. იძულებული გახდა ხელი აეღო გამგებლობაზე და 1801 ოქტ. იულონ ბატონიშვილი|იულონ ბატონიშვილს მოუწოდა განეგრძო ბრძოლა ქართლ-კახეთში მეფობის შესანარჩუნებლად. რუს. იმპერიის წარმომადგენლებმა სამეფო სახლის წევრებს შორის წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაამწვავეს, რამაც უფრო დააჩქარა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება.

1801 წ. 12 სექტ. მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთმა შეიერთა. დ. ბ. შეეცადა სამშობლოში დარჩენას და მმართველობაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ 1803 სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იგი პეტერბურგში გადაასახლეს. ალექსანდრე I-მა მას წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი გადასცა, შემდეგში სენატორადაც დანიშნეს. რუსეთში უბოძეს სასახლე, ვრცელი მამულები, სახნავ-სათესი და სანადირო ადგილები. დ. ბ. გახდა საქართვ. სამეფო-სამთავროებიდან ჩასულ თუ იქ ადრიდანვე მცხოვრებ ქართველთა ახალშენის მეთაური და ქართ. საზ. მოძრაობის წარმართველი.

იღვწოდა განათლების, მეცნიერების, მწერლობის განვითარებისათვის; საქართვ. პოლიტ. ცხოვრების მართვა-გამგებლობის გაუმჯობესებისათვის, კავკასიოლოგიის განვითარებისათვის, თავმჯდომარეობდა კომიტეტს, რ-საც დაევალა ვახტანგ VI-ის სამართლის განხილვა-რედაქტირება და რუსულად თარგმნა. დ. ბ-ის ეპისტოლური მემკვიდრეობა ნათლად წარმოგვიჩენს დავითის ბიოგრაფიის ბევრ საინტერესო მომენტს, გვიხატავს იმდროინდელი საქართვ. პოლიტ. სიტუაციას (№–609; 607; 2300; 2830; 3254; შ–1532; შდ–1719; სანქტ-პეტერბურგის სალტიკოვ- შჩედრინის სახ. ბიბლიოთეკა, იოანე ბატონიშვილის არქივი; საქართველოს სიძველენი, III, Акты –I).

დ. ბ. ავტორია ჩვენამდე რამდენიმე ხელნაწერის სახით მოღწეული გრამატიკისა (1790). თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) ამ ნაშრომს „საგრამატიკო ხელოვნების" სახელით იხსენიებს, სანქტ-პეტერბურგში დაცულ ერთერთი ხელნაწერის სატიტულო ფურცელს კი „ფილოსოფსკაია გრამმატიკა" აწერია. წიგნი დ. ბ-ს თავისი პაპის, ერეკლე II-ისათვის, მიუძღვნია. წინასიტყვაობაში ნათქვამია: ქართველებს ესაჭიროებათ სიბრძნე და ცოდნა, რ-ის კარსაც გრამატიკა წარმოადგენს. გრამატ. საკითხების გადმოცემისას დ. ბ. მიჰყვება ანტონ I-ის გრამატიკის (1753) დანართს, ე. წ. „სიმეტნეს", რ-იც აგრეთვე კითხვა-მიგების წესითაა დაწერილი, მრავლადაა აღებული დებულებები ანტონ I-ის გრამატიკიდანაც (1767).

დ. ბ-ის გრამატიკა დაწერილი უნდა იყოს სასკოლო სახელმძღვანელოდ. ამ გრამატიკის აშკარა გავლენითა და გამოყენებით დაიწერა იოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) ორივე გრამატიკა. სხვა ქართვ. გრამატიკოსების შრომებში მისი კვალი არა ჩანს. დ. ბ-მა რამდენიმე რედაქციად დაამუშავა საქართვ. ისტორია, რ-იც შეადგინა ევრ. მეცნიერთა შრომების გათვალისწინებით. კრებდა საქართვ. საისტორიო წყაროებს. 1812 იმპ. ალექსანდრე I-ს მიართვა ნაშრომი „საქართველოს უკეთესად მართვის შესახებ", რ-შიც მოითხოვდა კავკასიის მთავარმართებლად ქართველის დანიშვნას. ეწეოდა ფართო მთარგმნელობით მოღვაწეობას: გადმოიღო „ნაბუქოდონოსორისაგან წარტყვევნა იერუსალიმისა", „საქმეთთათვის ნადირ ავშარელისა დიდისა ხელმწიფისა სპარსეთისათა" (აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის სანქტ-პეტერბურგის განყ-ბის ქართ. ხელნაწერთა კოლექცია, M–15), ვოლტერის „შობისათვის", „ხილვა ბაბუკაისი", შ. მონტესკიეს „გულისხმისყოფისათვის სჯულთასა" (იქვე, H–26), ჟ. ფ. ანსილონის „ესტეტიკებრი განსჯანი" (იქვე, M–35 ) და სხვ., რ-თაც ურთავდა თავის კომენტარებს. განმარტებებით შეავსო ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონი და მიუწერა შესატყვისები რამდენიმე ენაზე. მას ეკუთვნის რუს. ენაზე დაწერილი „საქართველოს სამართლისა და კანონმცოდნეობის მიმოხილვა" (1811–16, 1959 გამოსცა მ. როგავამ).

1814 ქართ. ენაზე გამოცემული მისი ისტ. ნაშრომი დაწერილია ქართლის ცხოვრების სქემის მიხედვით, მოიცავს 1744 წლამდე პერიოდს და წარმოადგენს ვახუშტის ისტორიის გაგრძელებას. დ. ბ-მა შეისწავლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანიც. 1818 დაასრულა „შემოკლებული ფისიკა" და საქართველოში გამოგზავნა გასამრავლებლად. იგი ძირითადად იზიარებდა სითბოს კინეტიკური თეორიის იდეებს. თეორ. მასალას მან თვალსაჩინო ცდების აღწერილობანიც დაურთო. დ. ბ-მა თარგმნა ვოლტერის „ტაქტიკა" (იგივე ნაწარმოები თარგმნილი აქვს ა. ჭავჭავაძესაც).

1795 თარგმნა „საარტილერიო წიგნი", მ. ჩულიკოვის „მითოლოგიური ლექსიკონი", გადმოიღო შვედი ექიმის ირნესტა პერენესტის „ელექსირი". საქართველოზე დაწერა სტატიები რუს. ენციკლოპედიისათვის. შეადგინა განმარტება „ხელხება სიმვოლი" ანუ „აღსარებაი წმიდისა აღმოსავლეთისა ეკლესიისა".

თავისი საგანმან. პოლიტიკით დ. ბ. იღვწოდა ევრ. კულტურის, ევრ. სახელმწიფოთა წესწყობილების ქართველთათვის, ხოლო ყოველივე ქართულისა – ევროპელთათვის გასაცნობად. დ. ბ-ის სამწერლო მოღვაწეობიდან აღსანიშნავია მიმოწერის ფორმით დაწერილი „ახალი შიხი", რ-შიც აისახა ფრანგ განმანათლებელთა იდეები. მის ლექსებს (მაგ., „გამიფრინდა სიყვარულის ფრინველი", დაიბეჭდა ჟურნ. „მოგზაურში" 1901, №82) დიდხანს მღეროდნენ.

დაკრძალულია პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

თხზ.: ახალი ისტორია, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941; საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა, თბ., 1959; Краткая история Грузии, Тфл., 1893; История Грузии, изд. А. А. Рогава, Тб., 1971.

ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი  ლ., ვოლტერიანობა საქართველოში, თბ., 1975; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; რ უ ხ ა ძ ე  ტ., დავით ბატონიშვილი და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა, «ლიტერატურული ძიებანი», 1943, [ტ.] 1; მ ი ს ი ვ ე, ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVIII სს.), თბ., 1960; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966; ქ უ თ ა თ ე ლ ა ძ ე  ლ., დავით და იოანე ბაგრატიონების ლექსიკოგრაფიული ნაშრომები, თბ., 1967.

ფ. სიხარულიძე

ა. ფოცხიშვილი