დავითიშვილ-ბაგრატიონები

დავითიშვილ-ბაგრატიონების გერბი

დავითიშვილ-ბაგრატიონები, ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოება, რ-იც XVI ს-იდან ფეოდ. სათავადოდ ჩამოყალიბდა.

იოანე ბატონიშვილის მიხედვით, ცხინვალში „წყლის ხეობასა შინა" ცხოვრობენ თავადი დავითიშვილნი და „არიან გუარით ბაგრატოანნი", ხოლო ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით, „რამაზიშვილი და დავითისშვილი არიან ავგიორგის ძმის დიმიტრისაგან, რომელ არჩინა მეფემან, და არიან მიერითაგან აქა" (ე. ი. ქართლში).

კახეთის მეფე ალექსანდრე I-ის უმცროს ძეს, დიმიტრი ბატონიშვილს კახეთის ფეოდალთა ძლიერი ოპოზიცია დაუპირისპირდა უფროსი ძის, გიორგი ბატონიშვილის (იხ. გიორგი II ) მეთაურობით. 1511 გიორგი ბატონიშვილმა მოკლა მამა – ალექსანდრე I, ხოლო ძმას – დიმიტრის – თვალები დასთხარა („აღმოქადა მასცა თუალნი") და ცოლშვილიანად გააძევა.

ქართლში გადასვლის შემდეგ დიმიტრის შთამომავლებისაგან დაიწყო ბაგრატიონთა სახლის საგვარეულო განშტოება, რ-თაც „თვალდამწვრიანები" უწოდეს. საქართვ. სამეფოს დაშლის (XV ს.) შემდეგ ბაგრატიონთა სამეფო სახლში გვერდითი შტოები მნიშვნელოვნად მრავლდებიან, თუმცა სტატუსის შესაბამისი პირობები მათთვის აღარ არსებობს. სათავადოების წარმოსაქმნელად სამეფო საგვარეულოს ზოგიერთი წევრი ხელსაყრელ ვითარებაში ბაგრატიონობასაც კი კარგავს, რასაც მათი „გაღარიბება" (გათავადება) მოსდევს. XVI ს-იდან მძიმე შინაპოლიტიკური მდგომარეობისა და ურთულესი საგარეო ვითარების ურთიერთგადაჯაჭვა ხელს უწყობს საგვარეულო განშტოებათა წარმოშობას. კერძოდ, დიმიტრი „თვალდამწვრის" ჩამომავალ დავით „თვალდამწვრიანიდან" ისინი დავითიშვილებად იწოდნენ. ამდენად, სახელწოდებანი – „თვალდამწვრიანები" და დავითიშვილები სინონიმებია. დავითიშვილთა თავადურ სახლში დიმიტრის ძის – დავით თვალდამწვრიანის შვილის – რამაზ დავითიშვილის შთამომავლობით კი, კიდევ ერთი საგვარეულო განშტოება (რამაზიშვილები) – დაფუძნდა.

XVI–XVIII სს. ისტ. საბუთებში არაერთხელ ფიქსირდება დავის ფაქტი ბაგრატიონთა სამეფო სახლის გათავადებულ ამ ორ განშტოებას შორის: რამაზიშვილები თავიანთ განაყოფს მამულებს ედავებიან, ხოლო დავითიშვილები მათ „სახლიკაცობას" არ ცნობენ. ისტ. წყაროებით, დავითიშვილების სამფლობელო ყოფილა შიდა ქართლის შემდეგი სოფლები: თავდაპირველად – დირბი, ბრეთი, ბებნისი, შემდეგ – ნული, ფცა, აბანო, თორმანეული, ღვერთეთი, თიხევი, ბროწლეთი, ტკოცა. ნულში ჰქონდათ სასახლე, კოშკი, საყდარი და ა. შ.

დ. ბაქრაძის აზრით, ბაგრატიონთა საგვარეულოს ამ განშტოების საძვალე რუისის ტაძარში უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით საგვარეულოს თავისი გერბიც გაუჩნდა. XVIII ს. ბოლოსა და XIX ს-ში თავადურ გვართა ერთმა ნაწილმა თავისი ძველი, ძირითადი გვარი დაიბრუნა. ეს დავითიშვილებმაც შეძლეს – 1783 ტრაქტატის პერიოდის ქართლ-კახეთის თავადებისა და აზნაურების ნუსხაში მათი წარმომადგენელი მოხსენიებულია როგორც „თავადი დავითისშვილი – ბაგრატოვანი". ამისათვის იბრძოდნენ რამაზიშვილებიც, რომლებმაც, როგორც დავითიშვილთა განშტოებამ, ძვ. გვარი და, შესაბამისად, ბაგრატიონობაც დაიბრუნეს.

წყარო: გორგიჯანიძე  ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, წგ. 1; ეგნატაშვილი  ბ., ახალი ქართლის ცხოვრება. მეორე ტექსტი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.

დ. ნინიძე