დეკანოიძე გივი ილარიონის ძე

დეკანოიძე გივი ილარიონის ძე (3. IV. 1927, სოფ. მერჯევი, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, – 24.V. 1984, თბილისი), ენტომოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1978), საქართვ. ენტომოლოგიური საზ-ბის თავ-რე (1978–84).

1949 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მეაბრეშუმეობის ფაკ-ტი. 1952- იდან მუშაობდა ამავე ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1979– 84 იყო აგრონ. ფაკ-ტის დეკანი და ენტომოლოგიის კათედრის გამგე (1981–84).

გამოიკვლია ვაზისა და თუთის კულტურების ენტომო და აკაროფაუნა. შეისწავლა უმთავრესი სახეობების ბიოეკოლოგია, დაადგინა საქართველოში გავრცელებული ჭიჭინობელების ტაქსონომიური შედგენილობა, აღმოაჩინა და აღწერა ახ. სახეობა – ვაზის ჭიჭინობელა [Erythroneura imeretina (Dekanoidze)].

ენტომოლოგიის საერთაშ. კატალოგში შეტანილია ქერცლფრთიანთა ერთ-ერთი წარმომადგენელი, რ-იც დ-ის გვარს ატარებს.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ვაზის კულტურის მავნებელი, თბ., 1964; თუთის ხის მავნებელ-დაავადებანი და მათთან ბრძოლა, თბ., 1972; ენტომოლოგია, თბ., 1974 (თანაავტ. ირ. ბათიაშვილი); ფიტოაკაროლოგია, თბ., 1981; სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ტკიპები და მათთან ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებები, თბ., 1982.