დათვის კენკრა, ( Arctostaphylos), მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახისა, პატარა, მიწაზე გართხმული ბუჩქია.
50-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ და არქტიკულ ზონაში, ძირითადად ჩრდ. ამერიკაში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა – კ ა ვ კ ა ს ი უ რ ი დ. კ. (A.caucasica), რ-იც ასევე მიწაზე გართხმული ბუჩქია. ღეროები მუქი ქერქით აქვს დაფარული; ფოთლები ტყავისებრია, ზედა მხარე მუქია, ქვედა – მკრთალი. ვარდისფერი ყვავილები შეკრებილია კენწრულ, თავდახრილ მტევნებად, ნაყოფი წითელი კენკრაა.
იზრდება დას. საქართვ. ფიჭვნარებში, სუბალპ. და ალპ. სარტყლის ღორღიან ადგილებზე. ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება ივლ.-აგვისტოში. ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდ არბუთინს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს.
გამხმარი ფოთლის ნახარშს ხმარობენ მედიცინაში.
მ. გურგენიძე