დელიტეს ეკლესია

დელიტეს ეკლესია, ხუროთმოძღვრული ძეგლი მთიან ინგუშეთში, ცეი-ლამის ქედის ძირში, ნასოფლარ ქართის ნანგრევებთან გამავალი ისტ. გზის მახლობლად.

ეს გზა ოდითგანვე აკავშირებდა მდ. ასისა და დარიალის ხეობებს. ინგუშურ ენაზე დელიტე (დოლტე) ნიშნავს „ღმერთისკენ" (მიმავალ გზას). საკულტო ნაგებობა ქვითა და დუღაბით ნაგები შენობაა, გადახურული ფიქლის საფეხურებიანი ორფერდა სახურავით. სამხრეთიდან აქვს თაღოვანი შესასვლელი. შიგა სივრცე თაღით ორ მონაკვეთად არის გაყოფილი.

კედლებს შემოუყვება ქვისავე დაბალი საფეხურები. აღმ. კედელზე შიგნიდან მიშენებულია სვეტი-საკურთხეველი, რ-შიც სიმაღლეზე 3 ნიშია განლაგებული. შუა ნიშის სიღრმეში ჯვარია გამოკვეთილი. დიდი ზომის გოლგოთიანი ჯვრებია გამოყვანილი აგრეთვე დას. და აღმ. ფასადების ქვის წყობაში.

წყაროების მიხედვით, ნაგებობაზე ჯერ კიდევ XIX ს-ში აღმართული იყო რკინის ჯვრები. მდ. ასის ზემო წელზე, დ. ე-ის მახლობლად შემორჩენილია ვაინახთა (ჩაჩნები და ინგუშები) რამდენიმე ციხესიმაგრე, რ-თა საბრძოლო იძულეკოშკებზე გოლგოთიანი ჯვრებია გამოსახული (გოლგოთიანი ჯვრების გამოსახულებანი საქართველოში ეკლესიებისა და ციხესიმაგრეების ფასადებზე XVI ს-იდან გაჩნდა).

ისინი XVII–XVIII სს-ით თარიღდება. მსგავს გამოსახულებათა მოტივი შემონახულია ინგუშეთის სხვა ძეგლებზეც (მიატარ-დელა, მაგოერდა და სხვ.). მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მკვლევართა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ დ. ე. სწორედ ქრისტ. ეკლესიაა და ქართველთა და ვაინახთა პოლიტ. და კულტ. ურთიერთობის დამადასტურებელი მაგალითია.

ლიტ.: ვ ი ნ ო გ რ ა დ ო ვ ი  ვ., XVII საუკუნის საქართველო-ინგუშეთის ურთიერთობის ძეგლები, «ძეგლის მეგობარი », 1982, № 60.