დემეტრე უფლისწული

დემეტრე უფლისწული, საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლის ვაჟი.

მამის გარდაცვალების შემდეგ დ. უ. დედასთან ერთად საუფლისწულო მამულში ანაკოფიაში (აფხაზეთი) ცხოვრობდა. მეფის ცენტრალიზებული ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვაროვანმა აზნაურებმა დ. უ. დაუპირისპირეს ბაგრატ IV-ს და მისი გამეფება სცადეს, მაგრამ დამარცხდნენ. ვერც ბაგრატ IV-მ და მისმა მომხრეებმა შეძლეს დ. უ-ის შემორიგება.

1032 დ. უ-მა და ალდემ სტრატეგიული თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი ანაკოფიის ციხე ბიზანტიას გადასცეს. დ. უ. კონსტანტინოპოლში გაიქცა. XI ს. 40-იანი წწ. დასაწყისში დ. უ-ის გამეფების საბაბით ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგე ლიპარიტ IV ბაღვაში ბიზანტიელთა დამხმარე ჯარით ქართლს შემოესია. მას თან მოჰყვა დ. უ., მაგრამ ბაგრატ IV-მ მოკავშირეები დაამარცხა.

1046 ლიპარიტ ბაღვაშმა კვლავ სცადა დ. უ-ის გამეფება. ამ მიზნით იგი ბიზანტიელთა და სხვათა დამხმარე ჯარით ქართლში შემოიჭრა. გადამწყვეტი ბრძოლის წინ დ. უ. გარდაიცვალა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დ. უ. მხოლოდ იარაღი იყო ცენტრ. ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგ მებრძოლთა ხელში.

როგორც ვარაუდობენ, დ. უ-ის შთამომავალი უნდა იყოს თამარ მეფის მეუღლე დავით სოსლანი.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: კ ო პ ა ლ ი ა ნ ი  ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970–1070 წლებში, თბ., 1969; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

მ. ლორთქიფანიძე