დემოგრაფია

დემოგრაფია, (ბერძნ. dēmos – ხალხი და graphō – ვწერ), მეცნიერება მოსახლეობის აღწარმოების კანონზომიერებათა შესახებ.

ტერმ. „დ." შემოიღო ფრანგმა მეცნიერმა აშილ გიიარმა 1855. დ., როგორც საზ. მეცნიერება, მნიშვნელოვანწილად, დემოგრაფიულ კატეგორიებსა და კანონებს იკვლევს. ცალკეული დემოგრაფიული მოვლენისა თუ ურთიერთობის ამსახველი ჩვეულებრივი ცნებისგან განსხვავებით, დემოგრ. კატეგორია მასობრივი, განმეორებადი, დემოგრ. შემთხვევებისა და პროცესების, საერთოდ დემოგრ. ურთიერთობათა განზოგადებული, აბსტრაქტული (თეორიული) გამოხატულებაა.

დემოგრ. კატეგორიებია: მოსახლეობა, ეთნოსი, კოჰორტა, შობადობა, მოკვდაობა, ქორწინება, განქორწინება, ოჯახი, დეპოპულაცია და სხვ. დემოგრ. მოვლენებსა და პროცესებს შორის მიზეზშედეგობრივ, აუცილებელ, მყარ, მუდმივგანმეორებად არსებით კავშირსა და ურთიერთგანპირობებულობას დემოგრაფიული კანონი ეწოდება.

დემოგრ. კანონებია: თაობათა განახლების, მოსახლეობის გაფართოებული (ასევე, მარტივი და შეკვეცილი) აღწარმოების, დემოგრაფიული კომპენსაციის, დემოგრ. გადასვლის, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდის, სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის, მოსახლეობის დემოგრ. დაბერების და სხვა კანონები.

დემოგრ. განვითარება აისახება ისეთ ძირითად მაჩვენებელთა დინამიკაში, როგორებიცაა: შობადობის ჯამური და ასაკობრივი კოეფიციენტები; შობადობისა და მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტები; მოკვდაობის ასაკობრივი და ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტები; მოსახლეობის ბუნებრივი მატების ზოგადი კოეფიციენტი; მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო და ნეტო კოეფიციენტები; მოსახლეობის დემოგრ. დაბერების კოეფიციენტი; მოსახლეობის მიგრაციის მაჩვენებლები და სხვ.

დ-ის, როგორც მეცნიერების, ისტორია იწყება 1662-იდან. ამ წელს ლონდონში გამოქვეყნდა ინგლისელი მეცნიერის ჯონ გრაუნტის მოსახლეობის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი პირველი ფუძემდებლური გამოკვლევა – „ბუნებრივი და პოლიტიკური დაკვირვებანი მოკვდაობის ბიულეტენთა საფუძველზე", ხოლო მისი მეცნ. აღიარება დაიწყო 1882–83-იდან, ჰიგიენისა და დემოგრაფიის საერთაშ. კონგრესების ჩატარების შემდეგ.

XX ს. 70-იან წლებამდე ამ მეცნიერების არსი რამდენადმე სხვაგვარად ესმოდათ, ვიდრე დღეს. იგი ძირითადად მოსახლ. (დემოგრაფიული) სტატისტიკის სინონიმად იხმარებოდა. დ-ის, როგორც მეცნიერების, დაფუძნებასა და განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით უ. პეტის, გ. კინგს, ა. დეპარსიეს, ი. ზიუსმილხს, ჟ. ბერტილიონს, თ. მალთუსს, ა. კეტლეს, გ. მაირს, ა. სოვს, ლ. რაბინოვიჩს, ა. ლანდრის; რუს მეცნიერებს: მ. ლომონოსოვს, კ. გერმანს, ვ. გრებეშნიკოვს, ვ. ბუნიაკოვსკის, ი. იანსონს, ს. სტრუმილინს, ტ. რიაბუშკინს, ა. ბოიარსკის, ბ. ურლანისს და სხვ. თუ ადრინდ. ეტაპებზე მოსახლ. განვითარების კანონზომიერებათა შესახებ მეცნ. ცოდნის სისტემას ძირითადად აღწერილობითი ხასიათი ჰქონდა, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ამ მეცნ. დისციპლინის კვლევის საკითხთა წრე მნიშვნელოვნად შეივსო, გაფართოვდა და გაღრმავდა. ამიერიდან იგი უკვე აღარ კმაყოფილდება შობადობის, მოკვდაობის, ქორწინების, განქორწინების, მოსახლეობის ბუნებრივი მატებისა და ანალოგიური ხასიათის სხვა პროცესების თაობაზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვებითა და არსებული მდგომარეობის აღწერა-წარმოსახვით.

მის მთავარ ამოცანებში შედის: დიდძალი ფაქტობრივი მასალის ღრმამეცნიერული ანალიზი მაღალპროფესიულ დონეზე, მოსახლ. სქესობრივ-ასაკობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით, და მის საფუძველზე მეცნ.-თეორ. და პრაგმატული მნიშვნელობის მქონე საგულისხმო დასკვნების გაკეთება; დემოგრ. მოვლენებსა და პროცესებს შორის რთული მიზეზშედეგობრივი, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი კორელაციური კავშირების წარმოჩენა; დემოგრ. განვითარების ამა თუ იმ ტენდენციის გამომწვევ მიზეზებთან ერთად, იმ ფაქტორთა დადგენა, რ-ებიც ზემოქმედებას ახდენენ შობადობასა და მოკვდაობაზე; მოსახლ. აღწარმოების ძირითადი ტიპების თანმიმდევრული მონაცვლეობის კანონზომიერებათა საფუძვლიანი ანალიზი; რეპროდუქციული ქცევისა და ოჯახში ბავშვებზე მოთხოვნილების განმსაზღვრელ ფაქტორთა სისტემური ანალიზი; დემოგრ. დაბერების განმსაზღვრელ ფაქტორთა დადგენა და მასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა; გარკვევა იმისა, თუ რა გავლენას ახდენს დემოგრ. პროცესებზე ქალთა განათლება და დასაქმება, აგრეთვე მოსახლეობის მიგრაცია (განსაკუთრებით გარე მიგრაცია), მატერ. კეთილდღეობა, უმუშევრობა, ლტოლვილის მდგომარეობაში ყოფნა და სხვ.; დემოგრ. მოდელირება და პროგნოზირება; კონკრეტული ვითარების შესაბამისი სახელმწ. სოც.-დემოგრ. და საოჯახო პოლიტიკის საფუძვლების შემუშავება რეგიონულ თავისებურებათა გათვალისწინებით და ა.შ.

დ. უკანასკნელ პერიოდში იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ჩამოყალიბდა და დღეისთვის უკვე სახეზეა დემოგრ. მეცნიერებათა სისტემა. იგი დ-ის ზოგად თეორიასთან ერთად მოიცავს: ეკონომიკურ, ისტ., სამედ., სოციოლოგიურ, ეთნიკურ, პოტენციურ, ეკოლოგიურ, რეგიონულ, მათ., სამხ., გამოყენებით, აღწერილობით დ-ებს; დემოგრაფიულ მოძღვრებათა ისტორიას, დემოგრაფიულ სტატისტიკას. სავარაუდოა მომავალშიც გამოიკვეთოს ახ. მიმართულებები. დ. მჭიდროდაა დაკავშირებული მომიჯნავე მეცნიერებებთან: ეკონ. თეორიასთან, სოციოლოგიასთან, ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, სტატისტიკასთან, ეთნოლოგიასთან, სოც. ჰიგიენასთან, ასევე რიგ საბუნებისმეტყველო მეცნიერებასთან. ტერმინ "დ-ს" არ ძალუძს ამ ფართომასშტაბიანი მეცნიერების შინაარსობრივი დატვირთვის სრულად ასახვა. ამიტომ მიზანშეწონილია („ეთნოლოგიის" ანალოგიურად) მის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს ტერმინი „დემოლოგია" (წარმოსდგება ორი ბერძნ. სიტყვისგან dēmos– ხალხი, logos – მოძღვრება), რ-იც პირდაპირი გაგებით მოსახლეობის გამრავლების კანონზომიერებათა შესახებ მეცნიერებას ნიშნავს.

საქართველოში მოსახლ. საყოველთაო აღწერების დაწყებამდე (1897), სტატისტ. მონაცემები ზუსტ დემოგრ. მაჩვენებელთა გაანგარიშების საშუალებას არ იძლეოდა. მოსახლ. რიცხოვნობის (ისიც მიახლოებით) განსაზღვრის ერთადერთი წყარო მოსახლეობისა და მისი ქონების პერიოდული აღწერები იყო, რ-თა უშუალო მიზანს საგადასახადო პოლიტიკის გატარება და ლაშქარში გასაწვევთა რაოდენობის დადგენა წარმოადგენდა.

XX ს. 20-იანი წლებიდან მოსახლ. აღწერამ საქართველოში (ისე, როგორც მთლიანად ყოფ. სსრ კავშირში) რეგულარული ხასიათი მიიღო (1926, 1939, 1959, 1970, 1979, 1989 წწ.). 2002 წ. ჩატარდა საქართვ. მოსახლ. პირველი საყოველთაო ეროვნ. აღწერა. დემოგრ. კვლევის თვალსაზრისით, პირველი ნაბიჯები საქართველოში ჯერ კიდევ XX ს. 30-იან წლებში გადაიდგა. ამ მხრივ აღსანიშნავია, ე. ჯანდიერისა [„ქალაქ ტფილისის მოსახლეობა (1922 და 1926 წ. წ. აღწერით)", ტფ., 1930] და ა. ჯიჯაძის („შობადობა და ბავშვთა სიკვდილიანობა კაპიტალისტურ ქვეყნებში და ჩვენში“, ტფ., 1935) მეცნ. გამოკვლევები. უმაღლეს სასწავლებლებში იკითხებოდა „მოსახლეობის სტატისტიკა" და „სოციალური ჰიგიენა", რ-თა სასწ. პროგრამა გარკვეულწილად მოიცავდა დემოგრ. მეცნიერების პრობლემატიკასაც. 30-იანი წლების II ნახევრიდან საქართველოში (ისე, როგორც სსრ კავშირში მთლიანად) ტაბუ დაედო დ-ის საკითხების მეცნ. კვლევასა და სწავლებას.

ამ სფეროში მდგომარეობა გამოსწორდა II მსოფლიო ომის (1939–45) შემდეგ, როდესაც თსუ-ის სტუდენტებთან „დემოგრაფიული სტატისტიკის“ კურსის წაკითხვას შეუდგა ცნობილი მეცნიერი გ. გამყრელიძე. მან ლექციების ეს კურსი სახელმძღვანელოდ გამოსცა 1955 წ. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან თსუ-ში ცალკეულ სპეციალობებზე სხვადასხვა დროს ისწავლებოდა „დემოგრაფიის საფუძვლები“ და „მოსახლეობის სტატისტიკა დემოგრაფიის საფუძვლებით“.

საქართველოში დემოგრ. მეცნიერების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა აკად. პ. გუგუშვილმა. მან ამ პრობლემისადმი მიძღვნილ სპეც. გამოკვლევებში გაკეთებული დასკვნებითა და შემოთავაზებული რეკომენდაციებით არა მარტო გაამდიდრა ქართ. დემოგრ. მეცნიერება, არამედ მაღალ დონეზე აიყვანა ამ დარგის კვლევა-ძიება. მისივე ძალისხმევით XX ს. 60-იანი წლების II ნახევარში საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. ინ-ტში შეიქმნა სოციოლოგიისა და დემოგრაფიის განყ-ბა, რ-ის ბაზაზე 1990 ცალკე ერთეულად გამოიყო დ-ის სოც.- ეკონ. პრობლემების კვლევის ცენტრი. ამ უკანასკნელისა და სოციოლოგიური კვლევის ცენტრის შეერთების საფუძველზე საქართვ. მეცნ. აკად. სისტემაში 1991 დაარსდა დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტი (2006-იდან – დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, ექვემდებარებოდა საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს). მან სამეცნ. მუშაობა იმთავითვე წარმართა მოსახლ. აღწარმოების, ოჯახის კვლევის, ისტ. დ-ის, მოსახლ. დასაქმების დემოგრ. პრობლემების, მოსახლ. მიგრაციისა და განსახლების სოც.- ეკონ. პრობლემების, სოც. და ეთნოდემოგრაფიული კვლევის, სოც. და პოლიტ. ცვლილებების სოციოლოგიური კვლევის, საბაზრო ურთიერთობათა სოციოლოგიის მიმართულებებით.

1973–87 საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებობდა დ-ის სოც.-ეკონ. პრობლემების შემსწავლელი საბჭო, რ-მაც სამეცნ. ექსპედიციების უნიკალურ მასალებს მოუყარა თავი საქართვ. რეგიონებში არსებული დემოგრაფიული ვითარების თაობაზე. პრაგმატული ხასიათის დემოგრაფიულ პრობლემებს იკვლევდა საქართვ. ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ეკონ. და სოც. პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინ-ტის დ-ის განყ-ბა. თსუ-ში 2000–06 ფუნქციონირებდა დ-ის კათედრა, რ-იც ამ სპეციალობის მაგისტრებს ამზადებდა. 1999-იდან გამოდის რეფერირებული სამეცნ. ჟურნ. „დემოგრაფია", რ-იც სისტემატურად აშუქებს ჩვენს ქვეყანაში (რიგ შემთხვევაში, მის ფარგლებს გარეთაც) დემოგრაფიული კვლევის შედეგებს. საქართველოში, მოსახლეობის გეოგრ. საკითხების შესწავლასთან ერთად, დემოგრაფიული პრობლემების კვლევაში თვალსაჩინო წვლილი შეიტანა საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. ვ. ჯაოშვილმა, რ-იც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მოსახლეობის გეოგრაფიის ლაბორატორიას ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში. საქართველოში დემოგრ. მეცნიერების განვითარებაში კ. ანთაძესთან, მ. ბექაიასთან, გ. გამყრელიძესთან, ფ. გოგიჩაიშვილთან, პ. გუგუშვილთან, ა. კაცაძესთან, ვ. ჯაოშვილთან, ა. ჯიჯაძესთან ერთად, თავიანთი გამოკვლევებით დიდი წვლილი შეიტანეს ამჟამად მოღვაწე ქართველმა დემოგრაფებმა: ი. აბაშიძემ, ლ. ბერიძემ, ა.თოთაძემ, ვ. ლორთქიფანიძემ, ნ. მაღლაფერიძემ, გ. მელაძემ, ე. მენაბდიშვილმა, ა. სახვაძემ, ა. სულაბერიძემ, მ. ტუხაშვილმა, გ. ფირცხალავამ, მ. შელიამ, ო. შურღაიამ, ლ. ჩიქავამ, გ. წულაძემ, მ. ხმალაძემ და სხვ.

თანამედროვე ეტაპზე ქართვ. დემოგრაფთა მეცნიერული კვლევა-ძიების მთავარი საგანი საქართველოში არსებული მწვავე დემოგრ. ვითარებაა. ამჟამად საქართველო მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოთა რიგს განეკუთვნება, რ-თაც რეალური დემოგრ. საშიშროება ემუქრებათ. აღსანიშნავია, რომ ფერტილური ასაკის ყოველ 100 ქალზე მოდის 140-მდე ბავშვი, მაშინ როცა მოსახლეობის თუნდაც მარტივი აღწარმოებისათვის აუცილებელია არანაკლებ 210 ბავშვისა (2009). დემოგრ. კრიზისის შემადგენელი კომპონენტია მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება. საქართველოში 2009 წ. მონაცემებით 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის ხვ. წ. 15%-ს აღემატება, მაშინ როცა დემოგრ. დაბერების ზღვრად ამ ასაკის მოსახლეობის 7% ითვლება. დემოგრ. ვითარების გამწვავებას, რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად, აღრმავებს მოსახლეობის გარე მიგრაცია. დაძაბული დემოგრ. ვითარების ნორმალიზება და ამ მიმართულებით არსებული რეალური რეზერვების ამოქმედება შეუძლია, რეგიონულ თავისებურებათა გათვალისწინებით, მეცნიერულად დასაბუთებული სახელმწ. დემოგრ. პოლიტიკის შემუშავებასა და პრაქტ. განხორციელებას.

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა საყოველთაო აღწერების მიხედვით*(ათ. კაცი) სულ მ. შ. ქართველი (%) 1897 წ. 2109,3 1336,4 63,4 1926 წ. 2677,2 1788,2 66,8 1939 წ. 3540,0 2173,9 61,4 1959 წ. 4044,0 2600,6 64,3 1970 წ. 4686,4 3130,7 66,8 1979 წ. 4993,2 3433,0 68,8 1989 წ. 5400,8 3787,4 70,1 2002 წ. 4371,5** 3661,2 83,8 *1926, 1939, 1959, 1970 წლების მონაცემები მოყვანილია სახეზე მყოფი, ხოლო 1979, 1989, 2002 წლებისა – მუდმივი მოსახლეობის მიხედვით. **მოსახლეობა საქართვ. ცენტრ. ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ლიტ.: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი  პ., საქართველოს სსრ მოსახლეობის აღწარმოების საკითხები, თბ., 1973; მ ი ს ი ვ ე, მოსახლეობა, ოჯახი, შვილიანობა, თბ., 1985; თ ო თ ა ძ ე  ა., საქართველოს მოსახლეობა მეორე და მესამე ათასწლეულების მიჯნაზე, თბ., 1999; ჩ ი ქ ა ვ ა  ლ., დემოლოგია და მისი კანონთა სისტემა, თბ., 2008; წ უ ლ ა ძ ე  გ., ს უ ლ ა ბ ე რ ი ძ ე  ა., მ ა ღ ლ ა ფ ე რ ი ძ ე  ნ., მ ა მ ა რ დ ა შ ვ ი ლ ი  გ., საქართველოს დემოგრაფიული განვითარება: გუშინ, დღეს, ხვალ, თბ., 2008; ჯ ა ო შ ვ ი ლ ი  ვ., საქართველოს მოსახლეობა XVIII–XX საუკუნეებში, თბ., 1984; მ ი ს ი ვ ე, საქართველოს მოსახლეობა (ისტორიულ–დემოგრაფიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა), თბ., 1996; (გეოგრაფიული გამოკვლევა), Tb., 1996; L o r d k i p a n i d z e  V., T o t a d z e  A., The population of the Caucasus, N. Y., 2010.

ლ. ჩიქავა