გიშერი

გიშერი, ს ა თ ი, წიაღისეული ნახშირის სახესხვაობა. აქვს შავი ფერი, მქრქალია (საღ მონატეხზე – ელვარე). ახასიათებს სიბლანტე და ნიჟარისებრი მონატეხი. სისალე მინერალოგიური სკალით 3–3,5; სიმკვრივე დაახლ. 1300–1400 კგ /მ³. წარმოიქმნება მეზოზოური ან კაინოზოური ასაკის ზღვიურ შლამში მერქნის მეტამორფიზმის შედეგად. გვხვდება დანაგროვების ან ცალკეული ნატეხების სახით ქვიშაქვებში, მერგელებსა და სუსტად მეტამორფიზებულ ქვანახშირში ან მურა ნახშირში. იყენებენ უმთავრესად სამკაულების დასამზადებლად.

საქართველოში გ-ის საბადოები განლაგებულია იურული ასაკის ნახშირიან წყებაში (გელათისა და ძიროვნის საბადოები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია).

თ. მგელიაშვილი