დანტე ალიგიერი

დანტე ალიგიერი

დანტე ალიგიერი (Dante Alighieri) (V. 1265, ფლორენცია, – 14. IX. 1321, რავენა), იტალიელი პოეტი, რომაელ მოქალაქეთა მაღალი ფენის წარმომადგენელი.

სწავლობდა ბოლონიის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე. სავარაუდოა, რომ იცნობდა არისტოტელეს ეთიკას, ციცერონის რიტორიკას, ჰორაციუსის პოეტიკას, ანტ. მწერლობას. გატაცებული იყო ასტრონომიითა და კაბალისტიკით, ფილოსოფიითა და რიტორიკით, ოვიდიუსითა და ვერგილიუსით, რ-საც სულიერ მასწავლებლად მიიჩნევდა.

დ. ა-ს სცოდნია რამდენიმე ენა. დაუფლებული ყოფილა თეოლოგიასა და მეცნ. სხვადასხვა დარგს. ეწეოდა პოლიტ. მოღვაწეობასაც, იყო გველფების პარტიის წევრი. 1302-იდან მას დევნიდა ამავე პარტიის ერთ-ერთი ფრთა. რომში მყოფ დ. ა-ს დაუსწრებლად მიუსაჯეს კოცონზე დაწვა და ქონების კონფისკაცია ამის შემდეგ დაიწყო მოხეტიალე ცხოვრება. საბოლოო თავშესაფარი კი რავენაში (იტალია) პოვა.

აღსანიშნავია დ. ა-ს ტრაქტატები: „ხალხური ენისათვის" (ლათ. ენაზე, 1303–04), „ნადიმი" (იტალ. ენაზე, 1303–04), „მონარქიისათვის" (ლათ. ენაზე, 1312–13) და სხვ.

დ. ა-ს ახალგაზრდობაში დაუწყია ლექსების წერა. მისი პირველი კრებულია „ლექსები". ალეგორიული ხასიათის ლირ. კრებულით „ახალი ცხოვრება" (1291) დ. ა-მ ახ. ეტაპი დაიწყო იტალ. ლიტ-რაში. კრებულის მთლიან სტრუქტურაში პროზა და ლექსი ერთმანეთთან ჰარმონიულადაა დაკავშირებული. აქ პირველად გამოჩნდა პოეტის მიჯნურის – ბეატრიჩეს სახე, რ-იც ბოლომდე გაჰყვა მწერლის შემოქმედებას.

გრძნობათა სიღრმით, ადამიანის შინაგანი სამყაროს ფსიქოლ. წვდომით, პოეტურ სახეთა სრულყოფილებით „ახალი ცხოვრება" პირველი ფსიქოლ. რომანია ევრ. ლიტ-რაში. მიწიერი და ზეციური ცხოვრების შეპირისპირება, სიყვარულის ამაღლებული იდეა, დანტესეული სიმბოლიკა და ალეგორია სრულად გამოვლინდა პოემაში „ღვთაებრივი კომედია" (1307– 21). ავტორმა თავის ქმნილებას „კომედია" უწოდა, „ღვთაებრივი" მას პოეტის სიკვდილის შემდეგ დაუმატეს ეპითეტად.

პოემას ლაიტმოტივად გასდევს მისტიკური პრინციპი, რ-ის მიხედვით იმიერ სამყაროს ჭვრეტა და ხილვა სულის გადარჩენის გზაა. პოემა სამი ნაწილისგან შედგება: „ჯოჯოხეთი", „სალხინებელი" და „სამოთხე". „ღვთაებრივი კომედია" მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა. ქართულად ერთი ნაწილი („ჯოჯოხეთი") 1933 თარგმნეს კ. გამსახურდიამ და კ. ჭიჭინაძემ. 1941 თარგმანი დაასრულა („სალხინებელი" და „სამოთხე") და გამოსცა კ. გამსახურდიამ. ამ გამოცემას უძღვის მთარგმნელის ვრცელი შესავალი წერილი – „დანტე ალიგიერი". დ. ა-ს „ახალი ცხოვრება" ქართულად თარგმნეს ბ. ბრეგვაძემ და თ. ჩხენკელმა (1967, წინასიტყვაობა ო. ჯინორიასი).

თარგმანი შეიცავს ოცდაოთხ სონეტს, ხუთ კანცონასა და ერთ ბალადას. ერთ-ერთი პირველი ქართვ. ავტორი, რ-იც თავის ნარკვევებში შეეხო დ. ა-ს შემოქმედებას, იყო პლ. იოსელიანი. „ქართველების დანტე" უწოდა რუსთაველს ისტორიკოსმა მ. ჯანაშვილმა. თემას „რუსთაველი და დანტე" სპეც. გამოკვლევები უძღვნეს ცნობილმა ქართვ. მეცნიერებმა: კ. კაპანელმა, ზ. ავალიშვილმა, ა. მანველიშვილმა, შ. ნუცუბიძემ, ა. ბარამიძემ; მწერლებმა: გ. ნატროშვილმა, კ. ჭიჭინაძემ, ს. ჩიქოვანმა, ა. გაწერელიამ, გ. ასათიანმა. 1983 გამოქვეყნდა დ. ინწკირველის ნაშრომი „დანტე ქართულ ლიტერატურაში". გამოცემათა სერიაში „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება" დაიბეჭდა ცნობილი რუსი მეცნიერის ა. ჯიველეგოვის მონოგრაფია „დანტე ალიგიერი" (1968, მთარგმნელი ლ. ტიტვინიძე, რედ. ო. ჯინორია).

დ. ა-ს „ღვთაებრივი კომედიისა" და „ახალი ცხოვრების" ცალკეულ რემინისცენციებსა და პერსონაჟთა სახელებს ვხვდებით ქართვ. სიმბოლისტი პოეტების (ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი და სხვ.) ლირ. ლექსებში. გ. ტაბიძემ დანტესადმი თავისი თაყვანისცემა გამოხატა ლექსში „კოსმიური ორკესტრები".

თხზ.: Tutte le opere, a cura di F. Chiapelli, Mil., 1965; ღვთაებრივი კომედია, წგ.: გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა  კ., რჩ. თხზ., ტ. 8, თბ., 1967.

ლიტ .: ჯ ი ვ ე ლ ე გ ო ვ ი  ა., დანტე ალიგიერი, თბ., 1968; Г а с п а р и  А., История итальянской литературы, пер. с итал., т.1, М.,1895; Г о л е н и щ е в - К у т у з о в  И. Н., Творчество Данте и мировая культура, М., 1971; Д е С а н к т и с  Ф., История итальянской литературы, пер.с итал., т.1, М., 1963; О в е т т  А., Итальянская литература, М., 1922.

ზ. სტურუა