დარეჯანის სასახლე

დარეჯანის სასახლე

დარეჯანის სასახლე, ს ა ჩ ი ნ ო, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, მეფე ერეკლე II-ის მეუღლის – დარეჯან დედოფლის სასახლე.

აშენებულია 1776, ნაწილობრივ გადაკეთებულია XIX ს-ში. მდებარეობს ძვ. უბანში – ისანში. დაშენებულია ქალაქის გალავნის ბურჯზე ღვინის აღმართის (სირაჯხანის) თავში. კოშკის ქვედა ნაწილი ნაგებია ნატეხი ქვით. წყობაში ფენებად კვადრ. აგურია დატანებული.

ზემოთ კოშკს გარს უვლის ხის მოხდენილი აივანი. ამავე პერიოდშია აშენებული სასახლის კარის ეკლესიაც. მას შემდეგ, რაც დედოფალი პეტერბურგში გადასახლდა, აქ განთავსდა თავდაპირველად ფერისცვალების მონასტერი, ხოლო შემდეგ (1862) – სას. პირთა შვილებისათვის განკუთვნილი სემინარია.

დროთა განმავლობაში ნაგებობა დაზიანდა, ბევრი რამ გადაკეთდა, გაჩნდა ახ. მინაშენები. 1978–80 ჩატარდა ისტ. რ-ნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის შედეგადაც ძეგლი გაიწმინდა გვიანდ. მინაშენებისაგან, აღდგა მისი პირვანდელი სახე.

1987–88 დ. ს-ში მოქმედებდა ერთი მსახიობის თეატრი.

ამჟამად აქ ფერისცვალების დედათა მონასტერია.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., თბილისის ხუროთმოძღვრული ძეგლები, «ძეგლის მეგობარი », 1971, №25; კ ვ ი რ კ ვ ე ლ ი ა  თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985.